ახალი ამბები

ჟიჟეკი: კომპრომისის მოწინააღმდეგე ისრაელელები ჰამასთან ტანგოს ცეკვავენ

19 მარტი, 2024 • 900
ჟიჟეკი: კომპრომისის მოწინააღმდეგე ისრაელელები ჰამასთან ტანგოს ცეკვავენ

ფილოსოფოს სლავოი ჟიჟეკის განცხადებით, „ჰამასი და კომპრომისის მოწინააღმდეგეები ისრაელში ტანგოს ცეკვავენ და ერთმანეთს აძლიერებენ“.

ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტზე ჟიჟეკმა პირს მორგანთან ინტერვიუში ისაუბრა.

„მე ვეთანხმები იუვალ ნოახ ჰარარის, როცა საუბრობს ისრაელის ორი სულის ბრძოლაზე. არ ვარ უტოპისტი და არ ვამბობ, რომ ისრაელმა უნდა დაშალოს საიდუმლო სამსახურები. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ორივე მხარემ უნდა მიიღოს მოცემულობა, რომ ისინი განწირული არიან ერთმანეთთან ცხოვრებისთვის. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, უბრალოდ იქ ორივენი ერთად დაიხოცებიან“, — განაცხადა ჟიჟეკმა.

მისი თქმით, ამ პოზიციის გამო ორივე მხარე აკრიტიკებს მას და ერთი ანტისმეტისტს უწოდებს, მეორე კი- სიონისტ ლიბერალს.

ჟიჟეკმა გააკრიტიკა ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი მთავრობის წევრების „ფსევდორელიგიური ნაციონალიზმი“ და თქვა, რომ განსაკუთრებით პრობლემურია, რაც დასავლეთ სანაპიროზე ხდება.

„იქ ნელი კოლონიზაცია მიმდინარეობს“, — აღნიშნა ჟიჟეკმა.

2023 წლის 7 ნოემბრის თავდასხმაზე საუბრისას ჟიჟეკმა აღნიშნა, რომ ჰამასი თავს დაესხა პაციფისტურ ფესტივალს და კიბუცებს, რომლის მცხოვრებლებიც ღაზისადმი სოლიდარული იყვნენ.

„ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ ჰამასი ძირითადად შეიარაღებული წინააღმდეგობის მოძრაობაა. გარკვეული გაგებით ასეც არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ქმედებების უმეტესობა, განსაკუთრებით 7 ოქტომბრის თავდასხმა, აშკარად ტერორისტული აქტებია“, — დასძინა ჟიჟეკმა.

2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის განმავლობაში „ჰამასის“ რაზმები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ დაახლოებით 30 მიმართულებიდან, ხელში ჩაიგდეს 22 დასახლებული პუნქტი, დახოცეს 1400-მდე ისრაელელი. საპასუხოდ ისრაელმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ღაზაში, რომელსაც „ჰამასის“ ცნობით, 30 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი