აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა, ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა, ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
ასლან ბჟანია მილოცვაში წერს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები იყო “დემოკრატიული პრინციპების ზეიმი და მსოფლიო საზოგადოებას აჩვენა რუსული საზოგადოების სამოქალაქო სიმწიფე”.
“თქვენი გამარჯვება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიო საზოგადოების უმრავლესობის გამარჯვებაა, რასაც მოწმობს თქვენი ძალისხმევის საერთაშორისო აღიარება სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დამყარების გზისკენ”, – ვკითხულობთ ბჟანიას მილოცვაში.
ბჟანიამ მილოცვაში ხაზი გაუსვა, რომ დარწმუნებულია, პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთი გააგრძელებს მიზნების მიღწევას, მათ შორის, მოიპოვებს გამარჯვებას “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში”.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა აღნიშნა, რომ პუტინის ხელმძღვანელობამ შესაძლებელი გახადა უზარმაზარი ნახტომი ქვეყნის განვითარებასა და მსოფლიოში რუსეთის პოზიციის გაძლიერებაში.
“თქვენი დაუღალავი შრომა ეკონომიკის განვითარების, უმუშევრობის შემცირებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აღფრთოვანებასა და აღიარებას იმსახურებს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ხალხმა გააკეთა ერთადერთი სწორი არჩევანი, რომლის წყალობითაც ქვეყანა გააგრძელებს მიზნისკენ მიმავალ გზაზე სიარულს და კიდევ უფრო ძლიერი და წარმატებული გახდება” ,— ნათქვამია გაგლოევის მილოცვაში.
რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 15-17 მარტს გაიმართა.
რუსეთის ცესკოს პირველადი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც რეალური ოპოზიციის გარეშე ჩატარდა, ვლადიმერ პუტინი იმარჯვებს.
არჩევნების პირველადი შედეგებით (დათვლილია ხმების 25%) პუტინი 88%-ს აგროვებს.
არჩევნებში ფორმალურად ოთხი კანდიდატი მონაწილეობს: ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი (ლიბერალ-დემოკრატიული პარტია), ნიკოლაი ხარიტონოვი (კომუნისტური პარტია) და ვლადისლავ დავანკოვი (ახალი ხალხი). „მედუზას“ ინფორმაციით, პუტინის კონკურენტები წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისი კრიტიკისგან თავს იკავებდნენ.
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა რეალური ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს და არც ომის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე კანდიდატს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის საელჩოს მინისტრმა და მრჩეველმა ალექსანდრ ჟუროვმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის 97%-მა ხმა მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისცა.
რუსეთის საელჩოს წინასწარი მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკის 12 საარჩევნო უბანზე 17 ათასამდე ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად.