ახალი ამბები

შოლცის თქმით, ევროპა რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის შეიარაღებისთვის გამოიყენებს

16 მარტი, 2024 • 2068
შოლცის თქმით, ევროპა რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის შეიარაღებისთვის გამოიყენებს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროპა რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის შეიარაღებისთვის გამოიყენებს.

Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბერლინში, საფრანგეთის პრეზიდენტსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შოლცის თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინისთვის მეტი იარაღის შეძენის აუცილებლობასა და სამხედრო ტექნიკის წარმოების გაზრდაზე, მათ შორის უკრაინაში პარტნიორებთან თანამშრომლობით.

„ჩვენ გამოვიყენებთ ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ფინანსური მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა შოლცმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ თვეში მოუწოდა ევროკავშირს განიხილოს ასეთი მოგების გამოყენება „უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივი შესყიდვისთვის“. როგორც Reuters წერს, კომისია, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში წარადგენს კონკრეტულ წინადადებს.

შოლცის თქმით, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ კოალიციის შექმენაზე, რომელიც კიევს შორი მანძილის არტილერიას მიაწვდის.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოებაც სასწორზე დგას.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ რუსეთმა ვერ მოიგოს ეს ომი“, – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება ურყევია.

ამასთან, მაკრონის თქმით, რომ სამი ლიდერი შეთანხმდა მოლდოვას მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს მის დესტაბილიზაციას „ჰიბრიდული ომის“ გზით.

ფოტო: AFP

მასალების გადაბეჭდვის წესი