ახალი ამბები

პირველად აშშ-ში, მასობრივი მკვლელობის საქმეზე მკვლელის მშობლებიც დამნაშავედ ცნეს

15 მარტი, 2024 •
პირველად აშშ-ში, მასობრივი მკვლელობის საქმეზე მკვლელის მშობლებიც დამნაშავედ ცნეს

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ნაფიცმა მსაჯულებმა სკოლაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის საქმეზე თავდამსხმელის მშობლები ცნეს დამნაშავედ.

საქმე ეხება მიჩიგანის შტატში, ოქსფორდის საშუალო სკოლაში 2021 წლის 30 ნოემბრის მასობრივ სროლას — 15 წლის ეთან ქრამბლიმ ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით 4 სკოლელი მოკლა, 7 კი დაჭრა, მათ შორის ერთ-ერთი მასწავლებელია. თავდამსხმელს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი შეწყალების უფლების გარეშე.

მასობრივი მკვლელობის მსხვერპლები: მედისონ ბოლდუინი, 17 და ტეიტ მაირი 16 (მარცხნიდან მარჯვნივ ზემოთ); ჯასტინ შილინგი, 17 და ჰანა ჯულიანა, 14 (მარცხნიდან მარჯვნივ, ქვემოთ). ფოტო: Detroit Free Press

მასობრივი მკვლელობის საქმეზე მიჩიგანის პროკურატურამ უპრეცედენტო პროცესი წამოიწყო — არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენა თავდამსხმელის დედ-მამას, ჯეიმს და ჯენიფრე ქრამბლებს. ნაფიცმა მსაჯულებმა ჯენიფერ ქრამბლი დამნაშავედ ცნეს მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ჯეიმს ქრამბლი კი — 14 მარტს.

მიჩიგანში მოქმედი, ადგილობრივი გავლენიანი მედიასაშუალება Detroit Free Press აქვეყნებს რეპორტაჟს ჯეიმს ქრამბლის სასამართლო პროცესიდან და აღწერს, რომ ჯეიმს ქრამბლის დამნაშავედ გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ერთგვარი შვების მომგვრელი ხმები ახლდა თან, რაც მსხვერპლთა ოჯახის წევრების მხრიდან მოდიოდა. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, ეს საკმარისი არ არის. მსხვერპლების მშობლების თქმით, 2021 წელს ოქსფორდის საშუალო სკოლაში მომხდარს 4 დამნაშავე ჰყავს: ეთან ქრამბლი, ჯენიფერ ქრამბლი, ჯეიმს ქრამბლი და სკოლა. ისინი მოელიან, რომ პასუხს სკოლაც აგებს, რომელმაც უგულებელყო ყველა ის საგანგაშო სიმპტომი, რასაც მალევე მოჰყვა მასობრივი მკვლელობა.

ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ჯეიმს ქრამბლის მიმართ პროკურატურის ყველა ბრალდება, რომელმაც წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:

  • მასობრივ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, 2021 წლის 26 ნოემბერს, ჯეიმს ქრამბლიმ 15 წლის შვილი წაიყვანა ოქსფორდის იარაღის მაღაზიაში და 9 მმ-იანი, ნახევრად ავტომატური პისტოლეტი, Sig Sauer უყიდა;
  • ორი ჩანაწერი 15 წლის ეთანის დღიურიდან: „ერთადერთი, რაც მჭირდება, ჩემი 9მმ-იანი პისტოლეტია, რომლის ყიდვასაც მამაჩემს ვეხვეწები“;
  • მორიგი ჩანაწერი თავდამსხმელის დღიურში: „პირველ რიგში, მე მივიღე ჩემი იარაღი, ეს არის Sig Sauer… სროლა ხვალ იქნება. წვდომა მაქვს იარაღსა და ტყვიებზე;
  • იარაღის ყიდვის დღეს ბიჭმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა იარაღის ფოტო: „ეს ესაა ჩემი ახალი სილამაზე მივიღე. SIG SAUER 9mm.“
  • სროლის დღეს, დილას, ეთან ქრამბლიმ თავის გეომეტრიის სავარჯიშო რვეულში დახატა იარაღი და ადამიანის სისხლიანი სხეული, წარწერით: „ჩემი სიცოცხლე უსარგებლოა… ყველგან სისხლია… ფიქრები არ გაჩერდება. დამეხმარე“;
  • თავდამსხმელის დღიურში გაკეთებული ჩანაწერები მიუთითებდა, რომ მას მენტალური პრობლემები ჰქონდა და დახმარებას ითხოვდა. მაგალითად, ეს ჩანაწერებია: „ნულოვან დახმარებას ვიღებ ჩემი მენტალური პრობლემებისთვის და ამას მივყავარ სკოლაში სროლისკენ“;
  • „დახმარება მჭირდება, მაგრამ მშობლები არ მისმენენ, ვერ ვიღებ ვერანაირ დახმარებას“;
  • ჩემი მშობლები არ მისმენენ, რომ დახმარება, ან თერაპევტი მჭირდება“;
  • თავდამსხმელმა მასობრივ სროლამდე 7 თვით ადრე მისწერა მეგობარს: „მამაჩემს ვთხოვე, წავეყვანე ექიმთან, მაგრამ მან მხოლოდ რაღაც აბები მომცა და მითხრა, რომ გადამეყლაპა“.

Detroit Free Press-ის ცნობით, პროკურორმა კარენ მაკდონალდმა პროცესზე თქვა, რომ ჯეიმს ქრამბლი უნდა გასამართლდეს არა იმისთვის, რაც მისმა შვილმა ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რაც თავად მან გააკეთა, ან არ გააკეთა.

პროკურორის თქმით, მშობლის მხრიდან უმცირესი, მინიმალური მცდელობა იქნებოდა საკმარისი, რათა თავიდან აცილებული ყოფილი ოქსფორდის საშუალო სკოლაში დატრიალებული ტრაგედია. მაგალითად, იარაღი დაცულ ადგილას რომ ყოფილიყო შენახული, ან თავად იარაღზე მამას გაეკეთებინა სპეციალური ჩამკეტი, რომელსაც „ათი წამი სჭირდება“. ამ შემთხვევაში 15 წლის ეთანი იარაღის გამოყენებას ვერ შეძლებდა, 4 მოზარდი კი სიკვდილს გადაურჩებოდა.

როგორც Detroit Free Press წერს, ეთანის ორივე მშობელმა დიდი ხნის განმავლობაში ყურადღება საერთოდ არ მიაქცია საგანგაშო ნიშნებს, შვილის მენტალურ ჯანმრთელობას და პირიქით, წაახალისეს იარაღის მიმართ მოზარდის არაჯანსაღი დამოკიდებულება.

მედიასაშუალების ცნობით, მამის გარდა, სასამართლო განხილვებმა თავდამსხმელის დედაც წარმოაჩინა, როგორც ეგოისტი ადამიანი, რომელიც ცხენებით გატაცებას უფრო მეტ დროს უთმობდა, ვიდრე თავისი შვილის მენტალურ ჯანმრთელობას და ასევე, ახალისებდა იარაღით მის გატაცებას.

უახლოეს მომავალში გადაწყდება, ჯეიმს და ჯენიფერ ქრამბლებს რამდენი წლის გატარება მოუწევთ ციხეში. დანაშაული, რომელიც მათ დაუმტკიცდათ, მაქსიმუმ 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეთან ქრამბლის გეომეტრიის რვეულში ნაპოვნი ნახატი. ფოტო:Detroit Free Press

თუმცა მსხვერპლთა ოჯახებისთვის ეს საკმარისი არ არის: ისინი სკოლის წარმომადგენელთა დასჯასაც ითხოვენ. მასობრივ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, 15 წლის ეთანის გეომეტრიის რვეულში ნანახი შემაშფოთებელი ნახატის გამო, სკოლაში ეთანის მშობლები დაიბარეს. მცირე გასაუბრების შემდეგ მშობლები თავიანთ სამსახურებს დაუბრუნდნენ, ადმინისტრაციამ კი ეთანი სკოლაში შეუშვა ისე, რომ მისი ჩანთაც კი არ შეამოწმა. ამ დროს მას თან ჰქონდა იარაღი, რომლითაც რამდენიმე საათში ცეცხლი გახსნა, 4 თანატოლი იმსხვერპლა, 7 ადამიანი კი მძიმედ დაჭრა.

მსხვერპლთა ოჯახები მიიჩნევენ, რომ ეს საქმე უნდა გახდეს პრეცედენტი იმისა, რომ სკოლებმა, მშობლებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ და პასუხისმგებლობით მოეკიდონ მენტალური ჯანმრთელობისა და იარაღის ფლობის საკითხებს, რათა სამომავლოდ თავიდან აირიდონ  მსგავსი მასობრივი მკვლელობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი