ახალი ამბები

„ვერაგობა და სიყვარული”: დავით დოიაშვილის სპექტაკლის პრემიერა ბუდაპეშტში

9 მარტი, 2024 • 1012
„ვერაგობა და სიყვარული”: დავით დოიაშვილის სპექტაკლის პრემიერა ბუდაპეშტში

9, 10 და 12 მარტს ბუდაპეშტის კომედიის თეატრში (“Vígsthínház”) გაიმართება დავით დოიაშვილის დადგმული სპექტაკლის პრემიერა. ქართველმა რეჟისორმა სცენოგრაფ ქეთი ნადიბაიძესთან ერთად იმუშავა შილერის პიესაზე „ვერაგობა და სიყვარული”:

„ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი არეულია, ჩვენი უწინდელი მყარი შეხედულებები შეირყა. გარს გვაკრავს ომები და კატაკლიზმები, ჩვენ კი ვცხოვრობთ ისე, თითქოს არ ვიცით, ან არ გვინდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი. სიყვარული და ვერაგობა, მზაკვრობა და ვნება –  ვიცით კი, სად გადის ზღვარი ჩვენს წარმოსახვას და რეალობას შორის? ხშირად  ეგოიზმს მივიჩნევთ  სიყვარულად და სიყვარულს – ეგოიზმად – თუმცა შეგვწევს ძალა გავარღვიოთ ეს დაწყევლილი წრე?” – ამბობს დავით დოიაშვილი სპექტაკლზე საუბრისას.

სპექტაკლის ვიდეოს გადაღებისას, სცენოგრაფია: ქეთი ნადიბაიძე

 

View this post on Instagram

 

A post shared by Vígszínház (@vigszinhaz)

 

ფერდინანდსა და ლუიზას ერთმანეთი უყვართ, თუმცა მათი მშობლების სოციალური სტატუსი, ადამიანთა ცბიერება და ყველა სხვა გარემოება მათ წინააღმდეგაა. ეს ყველაფერი ნელ-ნელა, ხანაც სწრაფად აყენებს ეჭვქვეშ მათ ნდობასა და იმედებს. ფერდინანდის მამა თავი თანაშემწესთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რათა ეს სიყვარული დაასრულოს და მისმა შვილმა ლედი მილფორდზე იქორწინოს. ლუიზას მშობლები ცდილობენ იმოქმედონ, თუმცა უძლურნი არიან მათზე დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანების წინაშე.

სიყვარულისა და ბედისწერის დამღუპველი ერთობა, რომელსაც ტრაგედიამდე მივყავართ სათავეს წარსულიდან იღებს, თუმცა აწმყოზეც გვესაუბრება. მთავარი კითხვაა, საზოგადოებისა და პოლიტიკური სისტემების უთანასწორობაში შესაძლებელია თუ არა სიყვარულმა დაამარცხოს ბოროტება, თუ  აუცილებლად მარცხისთვისაა განწირული?

 

 

ფოტო გარეკანზე:  Dömölky Dániel

მასალების გადაბეჭდვის წესი