ახალი ამბები

ისრაელის ციხეებში 7 ოქტომბრიდან 27 ღაზელი პატიმარი დაიღუპა — Haaretz

7 მარტი, 2024 • 1018
ისრაელის ციხეებში 7 ოქტომბრიდან 27 ღაზელი პატიმარი დაიღუპა — Haaretz

ისრაელური მედიასაშუალება „Haaretz-ის“ ცნობით, ომის დაწყებიდან, 7 ოქტომბრიდან დღემდე, ისრაელის ციხეებში 27 პატიმარი დაიღუპა, რომელიც ღაზის სექტორიდან იყო.

დაკავებულები დაიღუპნენ Sde Teiman-ის და Anatot-ის ობიექტებზე, ან ისრაელის ტერიტორიაზე დაკითხვის დროს. 

როგორც „Haaretz“ წერს, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო. 

თავდაცვის ძალებმა არ დააკონკრეტეს, რა გახდა პატიმრების სიკვდილის მიზეზი, თუმცა განაცხადეს, რომ ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები, ან ომის დროს დაიჭრა. 

„Haaretz-ის“ ცნობით, ისრაელის სამხედრო ძალებს ღაზელი პატიმრები ომის დაწყებიდან დროებით საპატიმროებში, Sde Teiman-ის ბაზაზე ჰყავდათ. 

კანონის მიხედვით, რომელიც ომის მიმდინარეობის დროს მიიღეს, შესაძლოა, პატიმრები 75 დღემდე იყვნენ დაპატიმრებული მოსამართლის წინაშე წარდგომის გარეშე. 

ზოგი დაკავებული გაათავისუფლეს და დააბრუნეს ღაზაში. გარდა ამისა, მუშები ღაზის სექტორიდან, რომლებიც ომის დაწყების დროს ისრაელში იმყოფებოდნენ სპეციალური საშვებით, დააკავეს Anatot-ის ობიექტზე, სანამ უმრავლესობა არ გაათავისუფლეს.

„Haaretz-ის“ წყაროს ცნობით, ერთ-ერთი პატიმარი დიაბეტით გარდაიცვალა, რადგან სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო.  დეკემბერში გამოცემამ დაადგინა, რომ Sde Teiman-ის ობიექტზე პატიმრებ ხელბორკილები ადევთ, ხოლო თვალები ახვეული აქვთ დღის განმავლობაში.

ღაზაში დაბრუნებულმა პატიმრებმა ჩვენება მისცეს დაკითხვების დროს ისრაელელი ჯარისკაცების მხრიდან ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით.

გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოსურათებში დაკავებულებს აღენიშნებოდათ სისხლჩაქცევები და ხელბორკილების კვალი. გაეროს პალესტინელთა დახმარების ორგანიზაციის, UNRWA-ს ცნობით, რომლის ანგარიშიც “The New York Times-მა” გამოაქვეყნა, გათავისუფლებულმა ღაზელებმა ჩვენება მისცეს, რომ მათ სცემდნენ, ძარცვავდნენ, აშიშვლებდნენ და სექსუალურად ძალადობდნენ, არ აძლევდნენ ექიმებთან და ადვოკატებთან წვდომის შესაძლებლობას.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურის ცნობით, ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან ფუნქციონირებს საპატიმრო დაწესებულებები, სადაც მიჰყავთ ის ღაზელები, რომლებიც დააკავეს ჰამასის თავდასხმის დღეს, ან ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დროს. პრესსამსახურისვე განცხადებით, დაკავებულები დაკითხეს, ხოლო ვისზეც აღმოაჩინეს, რომ არ აქვს კავშირი ტერორისტულ ოპერაციებთან, გაათავისუფლეს.

„ომის დაწყებიდან იყო დაკავებულთა გარდაცვალების შემთხვევები, იმ პატიმრების ჩათვლით, რომლებიც საპატიმროში დაჭრილები მოიყვანეს, ან იმყოფებოდნენ მძიმე სამედიცინო მდგომარეობაში. სიკვდილის ყველა შემთხვევას იძიებს საგამოძიებო სამხედრო პოლიცია, ხოლო დასკვნა ეგზავნება სამხედრო ადვოკატს“, — აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურში.


7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი. ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.

გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს. ასეთივე შეფასებები აქვთ ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარულ და უფლებადაცვით ორგანიზაციებს. ჰამასის კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში 30 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, მათგან 12 ათასზე მეტი ბავშვია. ღაზაში ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის ელემენტარულ სერვისებსა და საკვებზე, რის გამოც მოსახლოება მასობრივი შიმშილის წინაშეა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი