ახალი ამბები

ევროკავშირში ერთჯერადი ჭურჭლისა და შეფუთვების გამოყენება აიკრძალება

6 მარტი, 2024 • 1101
ევროკავშირში ერთჯერადი ჭურჭლისა და შეფუთვების გამოყენება აიკრძალება

ევროკავშირი კრძალავს საკვები პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ერთჯერადი შეფუთვების გამოყენებას. საქმე ეხება ხილისა და ბოსტნეულის, სწრაფი კვების ობიექტებისა თუ სასტუმროს ნომრებში ჰიგიენური საშუალებების მინი-შეფუთვებს, ასევე, პლასტიკის საკვებ კონტეინერებს. ახალი რეგულაციის მიზანი, რომელიც 2030 წლიდან სრულად ამოქმედდება, ნარჩენების შემცირებაა.

POLITICO-ს ინფორმაციით, აკრძალვის შემდეგ ბიზნესები ვალდებული იქნებიან, საკვებისა თუ სხვა პროდუქტების წამოსაღებად მომხმარებლებს საკუთარი, მრავალჯერადი კონტეინერების გამოყენების საშუალება მისცენ.

„ეს ნამდვილად არის ისტორიული შეთანხმება. ჩვენ ვთხოვთ წევრ ქვეყნებსა და ინდუსტრიის ყველა სექტორს, გაიღონ შესაბამისი ძალისხმევა. გარდა ამისა, მოვუწოდებთ მომხმარებლებს, შეასრულონ თავიანთი როლი ნარჩენებთან ბრძოლაში“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა ფრედერიკ რაისმა, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს.

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო წლებში ევროკავშირში ნარჩენების რეკორდული ზრდის ტენდენციაა: 2021 წელს ერთ ადამიანზე 188.7 კილოგრამი შესაფუთი საშუალებების ნარჩენი დაგროვდა. ეს თითქმის 10.8-ჯერ მაღალი მაჩვენებელია 2020 წელთან შედარებით.

იდეის ავტორების მიზანია, 2030 წლისთვის ევროკავშირის მასშტაბით ყველა მსგავსი შეფუთვა გადამუშავებული იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი