ახალი ამბები

პროკურატურა: დააკავეს პირი, რომელიც „ლოკაციებზე“ ნარკოტიკს ათავსებდა

5 მარტი, 2024 • 3348
პროკურატურა: დააკავეს პირი, რომელიც „ლოკაციებზე“ ნარკოტიკს ათავსებდა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ბრალდება ერთ პირს წარუდგინეს.

უწყების განცხადებით, გამოძიების ვერსიით პირველ მარტს ბრალდებულმა, სხვა პირთან ერთად, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანა და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავს.

პროკურატურის განცხადებით, ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გაეგზავნათ.  შემდეგ, გამოძიების ვერსიით, ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ პოლიციამ ბრალდებული 2 მარტს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, მათი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ამასთან, უწყების განცხადებით, 3 მარტს შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. „ლოკაციებიდან“ ბრალდებულების მიერ 24 ცალად დაფასოებული და განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის – 3,35 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

„რაც შეეხება სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილ პირს, მისი გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა“, — აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი