ახალი ამბები

კობახიძის დედამ „TV პირველის“ წინააღმდეგ დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო

5 მარტი, 2024 • 944
კობახიძის დედამ „TV პირველის“ წინააღმდეგ დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის დედის, თამარ ზაალიშვილისა და „ტვ პირველის“ დავაზე.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსამართლე ოთარ სიჭინავამ მიიღო.

„ტვ პირველის“ იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის შეფასებით, სასამართლომ კიდევ ერთხელ უკანონოდ შეზღუდა მედიის გამოხატვის თავისუფლება.

„რამდენიმე შეცდომას ჰქონდა ადგილი, მათ შორის არის სარჩელის დაგვიანებით შეტანა, ხანდაზმულობის ინსტიტუტის უგულებელყოფა როგორც მოსარჩელის მხრიდან, ასევე სასამართლოს მხრიდან და, როგორც ჩანს, აბსურდული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ „ტვ პირველს“ უნდა ემტკიცებინა, მოსარჩელე თამარ ზაალიშვილმა როდის ნახა სიუჟეტი, ეს გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც, რაც არის სრულად ალოგიკური“, — აცხადებს თორნიკე მიგინეიშვილი.

„ტვ პირველი“ აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

„თქვენ რომ არ დაგებრალებინათ სრული სიცრუე, არ მოგიწევდათ სასამართლოში სიარული“, — უთხრა პრემიერ-მინისტრმა „ტვ პირველს“.

კითხვაზე, ჟურნალისტების გაჩუმების მცდელობაა თუ არა ეს, კობახიძემ უპასუხა: „არა, სიცრუის გაჩუმების მცდელობაა“.

მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა თამარ ზაალიშვილის მოთხოვნა. ზაალიშვილი ითხოვდა იმავე საშუალებით ცნობის უარყოფას. ამასთანავე, ფინანსურ კომპენსაციას ჟურნალისტებისგან — ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძისგან — 5-5 ლარს, ხოლო ტელეკომპანიისგან და ასევე, რესპონდენტ მარინე მიქაუტაძისგან — 5 555 ლარს.

საუბარია ტელეკომპანია „პირველის“ 2021 წლის ივლისში გასულ სიუჟეტზე, რომლის ავტორიც ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძეა. სიუჟეტი თეატრალური უნივერსიტეტის მიერ, სავარაუდოდ, ყალბი დიპლომების გაცემას შეეხებოდა. თამარ ზაალიშვილი განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილეა.

ერთ-ერთი რესპონდენტი, უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი მარინა მიქაუტაძე ამბობს, რომ „თამარ ზაალიშვილს ხელი აქვს მოწერილი დოკუმენტაციის სიყალბეზე. თუ არა კორუფციული დაინტერესება, ქალბატონი თამარ ზაალიშვილი ასეთ ყალბ დოკუმენტაციას ხელს არ მოაწერდა“.

ირაკლი კობახიძის დედამ TV პირველს სასამართლოში უჩივლა

მასალების გადაბეჭდვის წესი