ახალი ამბები

სასტუმრო „პულმან თბილისის“ უარის შემდეგ გაუქმდა რუსული კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტზე

2 მარტი, 2024 • 2005
სასტუმრო „პულმან თბილისის“ უარის შემდეგ გაუქმდა რუსული კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტზე

გაუქმდა რუსული კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც თბილისში, აქსის თაურესში,  სასტუმრო „პულმან თბილისში“ 6-7 მარტს უნდა გამართულიყო.

„ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით კონფერენცია გაუქმებულია. გულნატკენი და დამწუხრებული ვართ, მაგრამ ეს არის არსებული ვითარება“, — ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე დაწერეს კონფერენცია OpenTalks.AI-ის ორგანიზატორებმა.

აღნიშნული ღონისძიება წლების წინ რუსეთში იმართებოდა და მას აფინანსებდნენ როგორც რუსეთის სახელმწიფო უწყებები, ისე — სანქცირებული რუსული კომპანიები.

აღნიშნულ კონფერენციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სასტუმრო „პულმან თბილისმაც“.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა დამატებითი ინფორმაცია კონფერენცია OpenTalks.AI შესახებ, სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ღონისძიება აღარ ჩატარდეს სასტუმროს ტერიტორიაზე.

გადაწყვეტილება კონფერენციის OpenTalks.AI-ში გაუქმების შესახებ, მიუხედავად პოტენციური ფინანსური შედეგებისა, ხაზს უსვამს პულმანის ერთგულებასა და ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ღირებულებების პრინციპებისადმი.

სასტუმრო ყოველთვის ღიაა უმასპინძლოს ნებისმიერი სახის ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიურობას და ქმნის უსაფრთხო და სტუმართმოყვარე გარემოს“, — აცხადებს სასტუმრო „პულმან თბილისი“.


ყოველწლიურ ღონისძიებას, რომლის ჩატარებაც 2018 წელს რუსეთში დაიწყეს, – და მონაწილეთა უმრავლესობა რუსული კომპანიების თანამშრომელია, – ორგანიზატორები ახასიათებენ, როგორც „საერთაშორისო, დამოუკიდებელ და ღია კონფერენციას“ ხელოვნური ინტელექტის თემაზე.

სხვადასხვა წელს კონფერენციის პარტნიორები იყვნენ სანქცირებული „იანდექსი“, „ვი-თი-ბი“, „როსტელეკომი“, „სბერბანკი“ და სხვები. წელს ამ კომპანიის ზოგიერთი თანამშრომელი ღონისძიების სპიკერი/მოდერატორი უნდა ყოფილიყო. პარტნიორთა შორის იყო 2010 წელს რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილი და ასევე სანქცირებული „სკოლკოვოც“, რომელიც რუსეთის „სილიკონის ველად“ მოიაზრებოდა.

თუმცა საიტზე მითითებულ წლევანდელ პარტნიორებში ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებიდან არც ერთი არ იყო მოცემული.

კონფერენცია 6-7 მარტს უნდა გამართულიყო. პროგრამის მიხედვით, მონაწილეები შემდგომ უნდა გამგზავრებულიყვნენ „ექსკურსიასა და დეგუსტაციაზე“, 9-11 მარტს კი თხილამურებზეც უნდა ესრიალათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი