ახალი ამბები

ენმ-ის კლონების შექმნა ყოველთვის წარუმატებლად დასრულდა — სააკაშვილი

2 მარტი, 2024 • 1593
ენმ-ის კლონების შექმნა ყოველთვის წარუმატებლად დასრულდა — სააკაშვილი

პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ მორიგ წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „კლონების“ შექმნა წარუმატებელი იქნება. ის ყველას მოუწოდებს, იმუშაონ აღნიშნულ პარტიასთან.

„2024 წელს, ცვლილებებისთვის ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს ყველაზე მეტს, იბრძოლებს ყველაზე უფრო მძაფრად, მოიპოვებს ყველაზე მეტი ადამიანის მხარდაჭერას და შეასრულებს გადამწყვეტ როლს ქვეყნის ევროპეიზაციაში…

თუ ვინმეს სურს ჩემთან ერთად, ანუ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, იმუშაოს, ჩვენი კარი ღიაა, მათ შორის, პარტიული ბორდის დონეზე.

მე დარწმუნებული ვარ ყველა ჩემი მხარდამჭერი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს, წავა არჩევნებზე, შემოხაზავს 5 ნომერს და ამით გარანტირებულად ხმას მიცემს ცვლილებებს“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, არავის კრიტიკას არ აპირებს, „მითუმეტეს რომ ჩემს მეგობრებზეა საუბარი და მათ მოტივაციაში ეჭვი არ შემაქვს“.

„ერთადერთი შემიძლია მათ მივცე რჩევა თუ გაითვალისწინებენ, ბოლო რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა შექმნილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები და ყოველთვის წარუმატებლად დასრულდა.

საჭიროა გაანალიზონ თუ რატომ მოხდა ასე. ამჯერად, როცა მე საქართველოში ვარ, თუნდაც ციხეში, მითუმეტეს ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩვენს გუნდთან ერთად რომელიც ახლა საბოლოო გაფართოების და კრისტალიზაციის პროცესშია“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ნიკა მელია თავის პოლიტიკურ გუნდს წარადგენს, რომლის მიზანიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაა.

არსებობს მოლოდინი, რომ თავისი პოლიტიკური გუნდის შექმნაზე მუშაობს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელსაც თავის გეგმებზე ჯერ საჯაროდ არ უსაუბრია, თუმცა მისმა ათეულობით მხარდამჭერმა რაიონულ ორგანიზაციებში ბოლო თვეებში ენმ დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი