პრორუსული ძალადობრივი ჯგუფის ალტინფოს და “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურა მახარაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია თავად მახარაძემ გაავრცელა.
“2021 წლის რაღაცა თემებზე არის … მოდი, ასე ვთქვათ: ჩვენ შეთქმულების თეორიებს არ ავაწყობთ, უბრალოდ დავაფიქსიროთ ორი ფაქტი – ეთერის მერე, დილას დაბლოკეს ჩვენი ძირითადი არხი იუთუბზე. საღამოს დამირეკეს და დამიბარეს პროკურატურაში”, – განაცხადა მახარაძემ ალტინფოს ეთერში დღეს, 29 თებერვალს.
მახარაძე გულისხმობს ინტერვიუს, რომელიც მასთან გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) ჩაწერა გადაცემაში “უცნობის კიდობანი”.
“ქალაქის პროკურატურაშია დაბარებული ფარული მიყურადების საქმეზე. დაკითხვების სერია გრძელდება”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” პროკურატურაში.
2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ე.წ. „კრებსები“, რაც მოიცავს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილს.
გავრცელებულ ფაილებში არის ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს.
სუს-ში უკანონო მოსმენებს უარყოფენ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
განახლება: ნიუსის თავდაპირველ ვერსიაში, ალტ-ინფოზე დაყრდნობით, ეწერა, რომ მახარაძე 5 ივლისის საქმეზე დაიბარეს. თუმცა, მოგვიანებით, პროკურატურაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ის ე.წ. კრებსების საქმის ფარგლებშია დაბარებული.