ახალი ამბები

„ОДКБ სომხეთისთვის პრობლემებს ქმნის“ – ფაშინიანი

29 თებერვალი, 2024 • 831
„ОДКБ სომხეთისთვის პრობლემებს ქმნის“ – ფაშინიანი

რუსეთის შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში [ოდკბ] წევრობა სომხეთს არათუ არ ეხმარება, არამედ პრობლემებსაც უქმნის, ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

„ვამბობდი, რომ ნაცვლად იმისა, რომ ოდკბ ასრულებდეს უსაფრთხოების სფეროში თავის ვალდებულებებს სომხეთის წინაშე, პირიქით, სომხეთისთვის პრობლემებს ქმნის“, – ციტირებს მას „გაზეტა.რუ“.

პარლამენტში გამოსვლისას ფაშინიანმა აგრეთვე განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში წევრობა იმიტომ გაყინა, რომ არ ესმის, თუ რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა მის მუშაობაში, ვინაიდან ოდკბ-ს, ერევნის თხოვნის მიუხედავად, არ აუხსნია, რაში მდგომარეობს მისი პასუხისმგებლობა სომხეთთან დაკავშირებით.

ბოლო დროს სომხეთი სულ უფრო და უფრო ცდილობს რუსეთისგან დისტანცირებას. ცოტა ხნის წინ სომხეთმა გაყინა თავისი წევრობა „ოდკბ“-ში, რუსეთის მიერ შექმნილ თავდაცვით ორგანიზაციაში. აგრეთვე, ერევანი შეუერთდა ჰააგის სასამართლოს. ამ ყველა ნაბიჯმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. უახლეს ანგარიშში რუსეთის საგარეო უწყების შექმნილმა ფონდმა სომხეთის ირგვლივ რუსი ექსპერტების „განგაშზე“ განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი