ახალი ამბები

რა ვიცით რუსულ კონფერენციაზე, რომლის ჩატარებაც თბილისში იგეგმება

28 თებერვალი, 2024 •
რა ვიცით რუსულ კონფერენციაზე, რომლის ჩატარებაც თბილისში იგეგმება

ხელოვნური ინტელექტის თემაზე 6-7 მარტს თბილისში დაგეგმილ კონფერენციას, OpenTalks AI-ს გასულ წლებში აფინანსებდნენ სანქცირებული რუსული კომპანიები და სახელმწიფო უწყებები.

ღია წყაროების თანახმად, 2018-23 წლებში კონფერენცია თანამშრომლობდა სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან და სახელმწიფო უწყებასთან. 2023 წლიდან ღონისძიება რუსეთში არ ჩატარებულა – წინა წელს კონფერენციას ერევანმა უმასპინძლა.

ყოველწლიურ ღონისძიებას, რომლის ჩატარებაც 2018 წელს რუსეთში დაიწყეს, – და მონაწილეთა უმრავლესობა რუსული კომპანიების თანამშრომელია, – ორგანიზატორები ახასიათებენ, როგორც „საერთაშორისო, დამოუკიდებელ და ღია კონფერენციას“ ხელოვნური ინტელექტის თემაზე.

სხვადასხვა წელს კონფერენციის პარტნიორები იყვნენ სანქცირებული „იანდექსი“, „ვი-თი-ბი“, „როსტელეკომი“, „სბერბანკი“ და სხვები. წელს ამ კომპანიის ზოგიერთი თანამშრომელი ღონისძიების სპიკერი/მოდერატორი იქნება. პარტნიორთა შორის იყო 2010 წელს რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილი და ასევე სანქცირებული „სკოლკოვოც“, რომელიც რუსეთის „სილიკონის ველად“ მოიაზრებოდა.

საიტზე მითითებულ წლევანდელ პარტნიორებში ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებიდან არც ერთი არაა მოცემული.

კონფერენციის გამართვა 6-7 მარტს არის დაგეგმილი. პროგრამის მიხედვით, მონაწილეები შემდგომ გაემგზავრებიან „ექსკურსიასა და დეგუსტაციაზე“, 9-11 მარტს კი თხილამურებზე ისრიალებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი