ახალი ამბები

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე ბილეთების გაყიდვა ვერ იწყება

27 თებერვალი, 2024 • 761
საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე ბილეთების გაყიდვა ვერ იწყება

ბილეთების ყიდვის ონლაინ პლატფორმა Tkt.ge შეფერხებით მუშაობს.

საიტზე ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალური შეხვედრის ბილეთების გაყიდვა საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ღონისძიება პლატფორმაზე ამ დრომდე არ დამატებია.

საიტზე ამ დრომდე არც სხვა ღონისძიებების ბილეთებია ხელმისაწვდომი. საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე 21 მარტს, 21:00 საათზეა დაგეგმილი.

პირველად, ბილეთის საყიდლად მომხმარებლებს პირადი მონაცემების, მათ შორის სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და საკონტაქტო მონაცემების მითითება მოუწევს. ერთ მომხმარებელს ერთი ანგარიშით მატჩზე მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით TKT.ge-ს ცხელ ხაზს დაუკავშირდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საიტზე ბილეთების განთავსება მიმდინარეობს და ამ დრომდე არცერთი ბილეთი გაყიდული არ არის (12:27).

განახლება: 13:00 საათის მონაცემებით ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი