ახალი ამბები

ბაიდენი იმედოვნებს, რომ მომავალი კვირიდან ღაზაში ცეცხლი შეწყდება

27 თებერვალი, 2024 • 588
ბაიდენი იმედოვნებს, რომ მომავალი კვირიდან ღაზაში ცეცხლი შეწყდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ღაზაში ცეცხლი მომავალი კვირის დასაწყისისთვის შეწყდება.

მისი თქმით, შეთანხმების ფარგლებში ისრაელი მზად არის, შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები რამადანის თვეში. რამადანი 10 მარტის საღამოს დაიწყება და 9 აპრილის საღამოს დასრულდება.

„ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩემი მრჩეველი მეუბნება, რომ ახლოს ვართ [შეთანხმებასთან], ჯერ არ დასრულებულა. იმედი მაქვს, რომ მომავალ ორშაბათს [4 მარტს] ცეცხლის შეწყვეტა გვექნება“, — განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.

ბაიდენმა ადრე ისაუბრა ექვსკვირიან ზავზე.

„რამადანი ახლოვდება და ისრაელის მხრიდან არის შეთანხმება, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქტივობებში რამადანის დროს, რაც ასევე მოგვცემს დროს, რომ ყველა მძევალი გამოვიყვანოთ“, — თქვა ბაიდენმა NBC-ის ეთერში.

ბაიდენმა გააფრთხილა ისრაელი, რომ ქვეყანა რისკავს, საერთაშორისო მხარდაჭერა დაკარგოს პალესტინელების დიდი მსხვერპლის გამო. აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, ისრაელმა პირობა დადო, რომ შესაძლებელს გახდის პალესტინელების ევაკუაციას ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰიდან.

„როიტერსის“ ცნობით, ზავის პროექტი საშუალებას მისცემს, 500 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანა ყოველდღიურად შევიდეს ღაზის სექტორში.

ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ბაიდენის კომენტარები ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების შესაძლო შეწყვეტის შესახებ ნაადრევია და არ ემთხვევა ადგილზე არსებულ რეალობას.

ოფიციალური პირის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის დადგომამდე „ჯერ კიდევ არის დიდი წინაღობები, რომლებიც უნდა გადაილახოს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი