ახალი ამბები

მერაბ დვალიშვილი: არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ

26 თებერვალი, 2024 • 1846
მერაბ დვალიშვილი: არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ

UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ცილისწამებასა და ტყუილს უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ წლების წინ მან ჩვენება მისცა მოკრივე ავთანდილ ხურციძის წინააღმდეგ ამერიკის სასამართლოში.

ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში დვალიშვილი არ ასახელებს ხურციძის სახელსა და გვარს, თუმცა დიდი ალბათობით სწორედ ყოფილ მოკრივეს ეხება მისი განცხადება, რადგან ეს უკანასკნელი თავის ვიდეომიმართვაში ხურციძემ ახსენა. ხურციძის თქმით, ყველა იმ ვიდეოში, რომელიც სასამართლოში მის წინააღმდეგ გამოიყენეს, მერაბ დვალიშვილი ფიგურირებდა.

“წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე ნათესავებსა და გულშემატკივრებზე”, – დაწერა მერაბ დვალიშვილმა.

“ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა. ახლა კი იძულებული ვარ მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ მე არასდროს ჩამიდენია ისეთი საქციელი, რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს, ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს. არასდროს ჩემს სიცოცხლეში, არცერთო ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში. ყოველთვის, რითაც შემეძლო, გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს, როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი, რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას. გთხოვთ ყველას შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს”, – დაწერა მერაბ დვალიშვილმა.

“მე მაგ ბიჭმა [მერაბ დვალიშვილმა] გამიშვა სროკზე და კიდევ სხვებმა”, – ამბობს ვიდეომიმართვაში ავთანდილ ხურციძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ  გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა. ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 10-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოკრივე და მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორგანიზებულ დანაშაულში, მათ შორის გამოძალვაში წაყენებულ ბრალში.დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს.

პროკურორთა თქმით, შულაიას დაჯგუფებაში არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. როგორც ისინი განმარტავენ, დაჯგუფება ძირითადად მოქმედებდა ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და ნევადაში.

რაც შეეხება თავად ხურციძეს, დეპარტამენტის მტკიცებით, საქმის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ ვიდეოკამერებმა ორჯერ დააფიქსირეს, თუ როგორ ესხმოდა თავს დაზარალებულებს შულაიას სახელით.

youtube-ზე იძებნება მერაბ დვალიშვილის 6 წლის წინ გავრცელებული ვიდეო, სადაც ხურციძის დახმარებას ცდილობს და 4 მოხალისეს ეძებს ამერიკაში, ვინც მოკრივეს თავდებში ჩაუდგება.

ხურციძე 2023 წელს გაათავისუფლეს. მან პატიმრობაში 6 წელი გაატარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი