ახალი ამბები

ბაიდენი: აშშ ნავალნის სიკვდილის გამო პირდაპირ პუტინს დაასანქცირებს

23 თებერვალი, 2024 • 1110
ბაიდენი: აშშ ნავალნის სიკვდილის გამო პირდაპირ პუტინს დაასანქცირებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პარასკევს ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებდა „პირდაპირ ვლადიმერ პუტინს“, რომელიც მისი თქმით, „პასუხისმგებელია“ ალექსეი ნავალნის სიკვდილზე.

ბაიდენმა განცხადება სან-ფრანცისკოში გააკეთა მას შემდეგ, რაც ნავალნის ცოლსა და შვილს შეხვდა.

„მქონდა პატივი შევხვედროდი მის მეუღლესა და ქალიშვილს და მინდა განვაცხადო, რომ ის წარმოუდგენლად გამბედავი კაცი იყო. ხვალ გამოვაცხადებთ სანქციებს პუტინის წინააღმდეგ, რომელიც პასუხისმგებელია მის სიკვდილზე“, – ციტირებს ბაიდენს „სი-ენ-ენი“.

მას შემდეგ, რაც 16 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ, ბაიდენმა განაცხადა, რომ ამაში პუტინი იყო დამნაშავე.


რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა.

უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად, იმ წამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები. მისი ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ.

ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავთად „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი