ახალი ამბები

2024 წელს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული – შსს

23 თებერვალი, 2024 • 730
2024 წელს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული – შსს

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული, აქედან 27 ნარკორეალიზატორია.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ დღეს, 23 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა განვმარტო, რომ დაკავებულ პირთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ტრადიციული – ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ. დამდებები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე დადების მეთოდით ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან საზღვარზე ნარკოტიკების უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც ქვეყანაში სხეულით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

მისი თქმით, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები.

„პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათი ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“ „ალფა პვპ“, „სუბოტექსი“ „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „ლსდ“, „მეფედრონი“, „ამფეტამინი“, „ექსტაზი“, „ჰაშიში“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები ძირითადად შემოდის სახმელეთო და საჰაერო გზებით, ასევე, საფოსტო გზავნილების მეშვეობით.

„ამ გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად 24- საათიან რეჟიმში ახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს. შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც შედგება სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან, და კოორდინირებულად, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სარისკო გადაზიდვების მონიტორინგი, რის შედეგადაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტების გამოვლენა საქართველოს საზღვრებზე.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან, რომლებთანაც მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოტრანზიტის ფაქტები“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, დღევანდელ რეალობაში, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ნარკოტიკების რეალიზაციამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა. მისი თქმით, ნარკომომხმარებლებთან კომუნიკაცია ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ინტერნეტის საშუალებით ხდება.

„აღნიშნული გზით გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც მომხმარებლებში იწვევს ფატალურ  შედეგებს. უმეტეს შემთხვევებში ნარკორეალიზატორები გასაღების სქემაში რთავენ ახალგაზრდებს ონლაინ სივრცეში და სხვადასხვა მეთოდებით აცხადებენ ვაკანსიებს და სთავაზობენ სოლიდურ გასამრჯელოს.

მინდა აღვნიშნო, რომ ზემოხსენებული საქმიანობა მძიმე დანაშაულია, ეს არ ნიშნავს მხოლოდ სხვადასხვა ლოკაციებზე ნარკოტიკების განთავსებას, არამედ წარმოადგენს ნარკოტიკების რეალიზაციას, რისთვისაც სასჯელი ძალიან მკაცრია და მსგავს საქმეებზე ასობით პირი იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ამავდროულად კომპლექსური გამოძიების ფარგლებში, მუდმივად ხორციელდება საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრებისა და უძრავ-მოძრავი ქონების მოძიება და დაყადაღება, რომლებიც ნარკორეალიზაციის შედეგად უკანონო გზით იქნა მოპოვებული.

გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ ე.წ. დარქნეტში და სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე არსებული ონლაინ მაღაზიების იდენტიფიცირებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, საკონტროლო შესყიდვების განხორციელებას და სხვადასხვა ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას. ასევე, ტექნოლოგიური შესაძლებლობების ფარგლებში ხდება ხსენებული ტელეგრამ არხებისა და სხვა ონლაინ მაღაზიების დაბლოკვა და მათი გაუქმება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, მსგავს სქემებში ჩართული ნარკორეალიზატორების მიმართ გასატარებელ ღონისძიებებს სჭირდება გარკვეული დრო, რათა მოძიებულ იქნეს მყარი მტკიცებულებები, ტექნოლოგიურად დამუშავდეს დიდი რაოდენობის მონაცემები, დაინიშნოს და ჩატარდეს ექსპერტიზები, რათა დამნაშავე პირები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი