ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის გამო მოკვლევა დაიწყო

23 თებერვალი, 2024 • 1137
აფხაზეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის გამო მოკვლევა დაიწყო

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციასთან დაკავშირებით წინასწარი საგამოძიებო შემოწმება დაიწყო.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სოხუმში, მახაჯირების სანაპიროზე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლის მიმდებარედ, “უცნობმა პირებმა მოაწყვეს ნავალნის ხსოვნის რიტუალი, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო ექსტრემიზმის გამო და გარდაიცვალა მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში, იამალო-ნენეცის ავტონომიურ რაიონში. ამ უკანასკნელის ფოტო  მათ ძეგლის კვარცხლბეკზე დააყენეს”. 

დე ფაქტო შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა აფხაზეთის მოქალაქეებსა და დედაქალაქის სტუმრებში “შეშფოთების ტალღა გამოიწვია”. 

“ამჟამად პირები, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა, იდენტიფიცირებული არიან. ძეგლის კვარცხლბეკი აღდგენილია სათანადო სახით. დედაქალაქის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს ორი მოქალაქე: რუსეთის ფედერაციის კიროვის ოლქის ქალაქ კიროვო-ჩეპეცის მცხოვრებები, რომლებიც დროებით ცხოვრობენ სოხუმში – 1982 წელს დაბადებული ვალენტინ ვლადიმიროვიჩ კარპინი და  1981 წელს დაბადებული კარპინა დარია ვლადიმეროვნა. ფაქტზე მიმდინარეობს წინასწარი საგამოძიებო შემოწმება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, რა “შემაშფოთებელი” ნიშნები აღმოაჩინეს რუსეთის მოქალაქეების ქმედებაში. 

მსგავსი მემორიალური ღონისძიებები რუსეთის ბევრ ქალაქში გაიმართა. 

15 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა. 

ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც. 

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის, ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ. 

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა. 

2020 წელს მისი მკვლელობა მოწამვლით სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა, ის აეროპორტშივე დააპატიმრეს. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა. 

ციხეში ყოფნისას ნავალნი დასჯის მიზნით მუდმივად გადაჰყავთად საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი დედაქალაქისგან ასეულობით კილომეტრში, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი