ახალი ამბები

ზელენსკის ბრძანებით, უცხოელებს ეროვნულ გვარდიაში მსახურების უფლება მიეცათ

22 თებერვალი, 2024 • 968
ზელენსკის ბრძანებით, უცხოელებს ეროვნულ გვარდიაში მსახურების უფლება მიეცათ

უცხოელებსა და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირებს მიეცათ უფლება, იმსახურონ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში. შესაბამის ბრძანებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 თებერვალს მოაწერა და დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.

როგორც უკრაინული მედიასაშუალება The Kyiv Independent წერს, გვარდიაში მსახურების უფლება ექნებათ იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებიან, არ არიან ნასამართლევი და აკმაყოფილებენ სამხედრო სამსახურისთვის უკრაინის კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი ასევე შეძლებენ უკრაინის რეგულარულ არმიაში მსახურებას.

უცხოელებს ჯერ კიდევ 2022 წელს, რუსეთის შეჭრისთანავე მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის არმიის საერთაშორისო ლეგიონში ჩარიცხვისკენ. უცხოელები, მათ შორის ქართველები, სწორედ ამ ლეგიონის ფარგლებში ომობენ.

როგორც The Kyiv Independent წერს, ზელენსკის ეს ნაბიჯი ემსახურება მიზანს, 2024 წლის განმავლობაში შეძლოს უფრო მეტი მებრძოლის მობილიზება ფრონტზე გასაგზავნად.

უკრაინის ეროვნული გვარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილია და ის საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, თუმცა რუსეთის შეჭრის შემდეგ გვარდია იბრძვის ფრონტის წინა ხაზზეც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი