ახალი ამბები

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

21 თებერვალი, 2024 • 1118
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

„მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ რას იტყვის კონკრეტული საქმის განმხილველ სასამართლოზე და მოსამართლეზე, არამედ ის, თუ რამდენად ექვემდებარებიან მოსამართლეები მითითებებს“, — განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადების საპასუხოდ.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის (ე.წ. პიჯაკების საქმე) საქმეზე მიმდინარე პროცესზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ წაიკითხა ირაკლი კობახიძის 8 თებერვლის განცხადება, რომელიც „პრივილეგირებული მოსამართლის“ მიერ სააკაშვილისთვის პლატფორმის მიცემას ეხებოდა.

„რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, რატომ გადასცემს სასამართლო პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს. ნამდვილად არასწორი მოვლენაა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი, თუმცა შეგიძლიათ მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული. ეს კონკრეტული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში, ვისგან და რატომ არის პრივილეგირებული?. აქ ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა  იმ დროისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატ ანა ბუჩუკურის შესაბამისი კითხვის პასუხად.

კობახიძეს მოსამართლის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა, ბექა ბასილაიას თქმით, საუბარია ან ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილზე, ან 7 ნოემბრის საქმის მოსამართლეთა კოლეგიაზე (ნინო ელიეშვილი, მაია ქოქიაშვილი, ლაშა კლდიაშვილი), ან ოთხივე მათგანზე ერთად, რადგან არ არის სხვა მიმდინარე საქმე, სადაც სააკაშვილი ერთვება.

„ამაზე მკაფიო თავდასხმა სასამართლო ხელისუფლებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რომ მოსამართლეს უწოდო პრივილეგირებული, შეუძლებელია. მით უმეტეს, ის შედის კონსპირაციის თეორიებში და რამე კონკრეტულს კი არ ამბობს, რაზეც თქვენ შეიძლება გასცეთ პასუხი, არამედ იძლევა ფართო ინსინუაციის შესაძლებლობას, რომ შეიძლება იყოთ რომელიმე მხარესთან „შეკრული“, დავალების შემსრულებელი და ა.შ. კონკრეტული მოსამართლის პასუხი არ იქნებოდა საკმარისი. იუსტიციის საბჭოს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან სხვა მმართველობითი რგოლების მხრიდან ეს განცხადება რომ დარჩა ყოველგვარი შეფასების გარეშე და პასუხი არ გაეცა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელი არ არის“, — განაცხადა ბასილაიამ.

გარდა ამისა, ბასილაიას თქმით, კობახიძის განცხადება არის მითითება და ჩარევა, რომ მომავალში სააკაშვილს არ მიეცეს არანაირი განცხადების გაკეთების შესაძლებლობა, გარდა ბრალდების ფორმულირებისა, როცა თავისი შინაარსით საქმე პოლიტიკურია. ადვოკატმა შეაქო სასამართლო, რომ ამის მიუხედავად დღევანდელ პროცესზე სააკაშვილმა განცხადების გაკეთება შეძლო.

„მე ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია განმარტება ამ საქმის განხილვის პროცესში და დღესაც იმავეს ვიტყვი — მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ გააკეთებს განცხადებას და რას იტყვის ის კონკრეტული საქმის განმხილველ სასამართლოზე თუ მოსამართლეზე, არამედ ის, — როგორც თქვენ უწოდებთ ამას „მითითებას“, — რამდენად ექვემდებარებიან საქმის განმხილველი მოსამართლეები ამგვარი ხასიათის მითითებებს. თუ არ ექვემდებარებიან, მე მგონი, კარგის მაუწყებელია“, — განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი