ახალი ამბები

ნავალნის დედა პუტინს: „გადმომეცით ალექსეის ცხედარი, ადამიანურად რომ დავასაფლავო“

20 თებერვალი, 2024 •
ნავალნის დედა პუტინს: „გადმომეცით ალექსეის ცხედარი, ადამიანურად რომ დავასაფლავო“

ალექსეი ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვა გამოაქვეყნა. ვიდეო მისი მიმართვით ჩაწერეს კოლონია „პოლარულ მგელთან“, სადაც 16 თებერვალს ნავალნი დაიღუპა.

„მეხუთე დღეა, ვერ ვნახულობ, არ მაძლევენ ცხედარს, იმასაც კი არ მეუბნებიან, სად არის. მოგმართავთ თქვენ, ვლადიმერ პუტინ. ამ საკითხის გადაწყვეტა თქვენზეა დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს, მომეცით საშუალება, ჩემი შვილი ვნახო. ვითხოვ, დაუყოვნებლად გადმომცეთ ალექსეის ცხედარი, ადამიანურად რომ დავასაფლავო“, – ციტირებს ლიუდმილა ნავალნაიას „მედუზა“.

გუშინ, 19 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უარი უთხრა ნავალნის ოჯახს ცხედრის გადაცემაზე. უწყების მტკიცებით, კიდევ ორი კვირა დასჭირდება მისი სიკვდილის მიზეზის დადგენას.


რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა.

უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად, იმ წამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები. მისი ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ.

ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავთად „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი