ახალი ამბები

ამერიკელი კაცი ლატარეის კომპანიას უჩივის – მას უთხრეს, რომ $340 მლნ „შეცდომით“ მოიგო

20 თებერვალი, 2024 • 1213
ამერიკელი კაცი ლატარეის კომპანიას უჩივის – მას უთხრეს, რომ $340 მლნ „შეცდომით“ მოიგო

ამერიკელ ჯონ ჩიკზს 2023 წლის იანვარში ეგონა, რომ მულტიმილიონერი გახდა – „ფაუერბოლის“ ლატარეის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მან ყველა რიცხვი გამოიცნო და ამგვარად, ჯეკპოტიც მოიგო – 340 მილინი დოლარი.

„ბი-ბი-სი“ აღნიშნავს, რომ ჩიკზს მართლაც გაუმართლა – ჯეკპოტის მოგება ბევრად უფრო ნაკლებად სავარაუდოა (ერთი 292 მილიონიდან), ვიდრე ის, რომ მას ერთ დღეს მეხი დაეცემოდა (ერთი 1.22 მილიონიდან).

თუმცა ახლა ჩიკზი ლატარეის კომპანიას სასამართლოში უჩივის. საქმე ის არის, რომ კომპანიის მტკიცებით, საიტზე მისი ბილეთის რიცხვების კომბინაცია „ტექნიკური ხარვეზის“ გამო აღმოჩნდა.

ჯონ ჩიკზი ჰყვება, რომ როცა 2023-ის იანვარში მომგებიანი ბილეთი კომპანიის ოფისში მიიტანა, უთხრეს, რომ ბილეთი არ ვარგოდა. თუმცა ის შეინახა და ადვოკატიც დაიქირავა. კომპანიას იგი თაღლითობისთვის, გულგრილობისთვის, ემოციური ზიანის მიყენებისა და შეთანხმების დარღვევისთვის უჩივის.

Taoti Enterprises, რომელიც „ფაუერბოლის“ ლატარეის ტექნიკური უზრუნველყოფითაა დაკავებული, აცხადებს, რომ ჩიკზის ბილეთის რიცხვები ვებ-გვერდზე შეცდომით განთავსდა საიტის ტესტირებისას, ხოლო ლატარეის გათამაშებისას ამოსული რიცხვები სულ სხვა იყო. თუმცა ჩიკზისთვის მომგებიანი რიცხვები საიტზე სამი დღის განმავლობაში რჩებოდა.

ჩიკზის ადვოკატი რიჩარდ ევანსი ამბობს, რომ მისმა კლიენტმა ან ჯეკპოტი უნდა მიიღოს, ან ზიანის ანაზღაურება საიტზე არასწორი რიცხვების განთავსების გამო.

„ჩვენი სარჩელი კრიტიკულ კითხვებს წარმოშობს ლატარეის სანდოობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ასევე, [მომხმარებლის] დაცვის ბერკეტების ქონაზე, ან არქონაზე, ისეთი შეცდომების შემთხვევაში, რომლებიც, კომპანიის მტკიცებით, ჩვენს შემთხვევაში მოხდა“, – ამბობს იურისტი. საქმის პერსპექტივებს იგი ოპტიმისტურად უყურებს.

შემდეგი სასამართლო სხდომა ამ საქმეზე 23 თებერვალსაა დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი