ახალი ამბები

EU-ს სანქციების რეჟიმს შესაძლოა, ნავალნის სახელი დაერქვას

19 თებერვალი, 2024 • 542
EU-ს სანქციების რეჟიმს შესაძლოა, ნავალნის სახელი დაერქვას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმისთვის ნავალნის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის.

ბორელის თქმით, ამ წინადადებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს დღევანდელ შეხვედრაზე შესთავაზებს. მინისტერიალს ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაიაც ესწრება.

„ამ გზავნილით მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ რუსეთის ოპოზიციას. ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად მინისტრებს შევთავაზებ, ჩვენი ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს დავარქვათ ნავალნის სახელობის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი, რათა მისი სახელი სამუდამოდ იყოს უკვდავყოფილი ევროკავშირის საქმიანობაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, — განაცხადა ბორელმა.

ამავდროულად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოითხოვეს ახალი სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ ალექსეი ნავალნის სიკვდილის საპასუხოდ. ზომების „მინიმუმ გამკაცრების“ საჭიროებაზე ისაუბრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა კი თქვა, რომ ევროკავშირის ახალმა სანქციებმა უნდა გაითვალისწინოს ნავალნის სიკვდილი.

ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი (ე.წ. ევროკავშირის მაგნიტსკის სია) 2020 წლის 7 დეკემბერს შეიქმნა. ის ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ფიზიკური პირების და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში მთელ მსოფლიოში.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილის შესახებ 16 თებერვალს განაცხადა.

უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად, იმ წამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდადებულის გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები. მისი ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ.

ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავდათ „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი