ახალი ამბები

კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა – პაპუაშვილი ზურაბიშვილ-ზელენსკის შეხვედრაზე

17 თებერვალი, 2024 •
კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა – პაპუაშვილი ზურაბიშვილ-ზელენსკის შეხვედრაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მისთვის საინტერესო არაა.

პაპუაშვილს ჟურნალისტებმა საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შეფასება სთხოვეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში კერძო ვიზიტით იმყოფება.

„ეს გახლავთ ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობა, კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს, 17 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შედგა. ეს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მმართველი გუნდის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავრობის ნებართვის გარეშე იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი