ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი აზერბაიჯანის მხრიდან ახალი ომის დაწყებას არ გამორიცხავს

16 თებერვალი, 2024 • 994
ფაშინიანი აზერბაიჯანის მხრიდან ახალი ომის დაწყებას არ გამორიცხავს

“აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ინაუგურაციისას, მიუთითებს ლოკალურ შეიარაღებულ დაპირისპირებებზე, რომლებიც შესაძლოა ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს. ოფიციალური ბაქოს განცხადებები “სამშვიდობო შეთანხმებისთვის”  საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე სომხეთში, ქვეყნის შიდა საქმეებსა და სუვერენიტეტში ჩარევაა და არანაირ შეთანხმებას ხელს არ უშლის”, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ალიევის თქმით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის კონსტიტუაციასა და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებები შევა და სომხეთს პრეტენზია აღარ ექნება ყარაბაღზე.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეხმაურება სომხეთის მიერ იარაღის შესყიდვის საკითხზე აზერბაიჯანის განცხადებებს.

“ჩვენი არმიის რეფორმირებასა და სომხეთის მიერ შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებითაც აზერბაიჯანი აგრძელებს მუქარის რიტორიკას. თუმცა, როგორც აქამდეც ვთქვი, ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმიის ქონა ნებისმიერი ქვეყნის კანონიერი უფლებაა და ამას ვერავინ უარყოფს. სომხეთი აღიარებს ყველა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და არანაირ პრეტენზიას საკუთარი ტერიტორიის მიღმა არ აცხადებს”, – ამბობს ფაშინიანი.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში სომხური მხარე ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის ინტერესში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება არ შედის და ის ახალი სამხედრო პროვოკაციებისთვის ემზადება.

13 თებერვალს, დილის 05:30 საათიდან, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სომხეთის მხრიდან ოთხი სამხედრო პირი დაიღუპა.

საზღვარზე არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმაც, რომლის თანახმად, მათი საპასუხო სროლა მოჰყვა სომხური მხრიდან ჩატარებულ ოპერაცია “შურისძიებას”.

“სომხური მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას, რომელიც მიმართული იქნება აზერბაიჯან-სომხეთის პირობით სახელმწიფო საზღვარზე მდგომარეობის გამწვავებისკენ, ამიერიდან უფრო სერიოზული საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება”, – ვკითხულობთ აზერბაიჯანული მხარის განცხადებაში.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ეს პირველი ინციდენტია, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი