ახალი ამბები

ომბუდსმენი პრემიერს ვეტერანების დახმარებაზე რეგულაციის შეცვლისკენ მოუწოდებს

13 თებერვალი, 2024 •
ომბუდსმენი პრემიერს ვეტერანების დახმარებაზე რეგულაციის შეცვლისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პრემიერ-მინისტრს წინადადებით მიმართავს და მთავრობას მოუწოდა ვეტერანებისთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებების შეტანისკენ.

კერძოდ, სახალხო დამცველი პრობლემურად მიიჩნევს რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ საპენსიო პაკეტთან ერთად სოციალური პაკეტის მიღება უწყდებათ. გარდა ამისა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სოციალურ პაკეტთან ერთად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებაც ეკრძალებათ.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირების სოციალური დაცვის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის No4 დადგენილებით „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ განისაზღვრა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა. კერძოდ, ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ ქვემოთ მოყვანილ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს შემდეგი ოდენობით:

  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს – ყოველთვიურად 100 ლარი;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს – ყოველთვიურად 100 ლარი;
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – ყოველთვიურად 100 ლარი;
  • საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას – ყოველთვიურად 100 ლარი.

ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის No279 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ.ვ’’ და ,,ი’’ ქვეპუნქტების თანახმად, სოციალური პაკეტი ენიშნებათ:

  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 100 ლარის ოდენობით;
  • თავდაცვის ძალების ვეტერანებს საპენსიო ასაკის მიღწევისას – 100 ლარის ოდენობით;
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – ყოველთვიურად 100 ლარი.

ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნული სამართლებრივი აქტის მე-6 მუხლი ადგენს შეზღუდვებს სოციალური პაკეტის მიღებაზე. კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, დაუშვებელია:

  • სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის (საპენსიო პაკეტი) ან სახელმწიფო კომპენსაციის მიღება;
  • სოციალურ პაკეტთან ერთად „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის No4 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება.
  • ამავე აქტის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, 2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მოცემული სამართლებრივი რეგულაციიდან გამომდინარე, ,,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ’’ საქართველოს მე-6 მუხლით განსაზღვრული პირებს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება წარმოეშობათ მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, რაც ასევე დასტურდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით:

„ამავე უწყების განმარტებით, 2 2023 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით საყოფაცხოვრებო სუბსიდია გაიცემა 3596 ვეტერანზე. ხოლო სოციალური პაკეტი გაიცემა 23 585 ვეტერანზე. ამასთან, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს ეკრძალებათ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ერთდროულად მიღება“, — ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ მთავრობისთვის გაგზავნილ დოკუმენტში.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ,,ომისა და თავდაცვის ძალების შესახებ’’ საქართველოს კანონის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ეს კანონი განსაზღვრავს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად:

„ფასდაუდებელია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების როლი ჩვენი სახელმწიფოს არსებული სახით დღემდე მოტანის საქმეში. სახელმწიფოს მიერ ვეტერანებისთვის შექმნილი სოციალური გარანტიები არის ეროვნული სოლიდარობის და აგრეთვე, იმ მსხვერპლის აღიარების ინდიკატორი რაც ვეტერანების მხრიდან სახელმწიფოს კეთილდღეობის მიზნებისთვის საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებაში გამოიხატა“ ,— აცხადებს ომბუდსმენი.

სწორედ აღნიშნული გარემოების გამო, სახალხო დამცველის თქმით, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ მოაქციოს, ხელი  შეუწყოს და წაახალისოს ვეტერანების მიერ სოციალური და ეკონომიკური უფლებებით ეფექტური სარგებლობა. ასევე, იზრუნოს იმ სოციალურ კატეგორიაზე, რომელიც დღევანდელ პირობებში მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური დაუცველობის წინაშე დგას.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ მიზნით სახელმწიფო ვალდებულია განავითაროს საკუთარი კანონმდებლობა, დებულებები და პოლიტიკა ეკონომიკური, სოციალური და ადამიანის სხვა უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროებში და უზრუნველყოს მათი დანერგვა, როგორც გარანტია ვეტერანების მიერ ამ უფლებებით მაქსიმალური სარგებლობისთვის.

ომბუდსმენის განცხადებით, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ნიშანდობლივია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა ვეტერანების საკითხთან დაკავშირებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმადაც, ,,ყოველი სახელმწიფო ვალდებულია, არსებული რესურსების ფარგლებში მოსახლეობის სოციალური უფლებების დასაცავად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავდეს, რათა ამ უფლებათა დაცვის, სულ მცირე, მინიმალურად აუცილებელი დონე მაინც რომ უზრუნველყოს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სხვანაირად აზრი ეკარგება სახელმწიფოთა საერთაშორისო – სამართლებრივ ვალდებულებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მოქმედებანი ამ მიმართულებით სტაბილურ, ევოლუციურ ხასიათს უნდა ატარებდეს და დადებითი დინამიკით გამოირჩეოდეს.’’

„მოგეხსენებათ, არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, ვეტერანებისთვის დაწესებული შეზღუდვა სოციალური პაკეტითა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით ერთდროულად სარგებლობის აკრძალვასთან დაკავშირებით, ასევე, საპენსიო პაკეტთან ერთად სოციალური პაკეტით სარგებლობის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან მათი ღვაწლის სათანადოდ დაფასებად და მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობისთვის რეალური პირობების შექმნად“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საფუძველს  წარმოადგენს შესაბამისი ასაკი ქალებისთვის 60, ხოლო მამაკაცებისთვის- 65 წელი. შესაბამისად, საპენსიო პაკეტის მისაღებად ქვეყანაში ითვლება ნებისმიერი პირი, რომელმაც მიაღწია საპენსიო ასაკს, მიუხედავად იმისა, განეკუთვნება თუ არა პირი „ომისა და თავდაცვის ძალების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა კატეგორიას.

ხოლო ვეტერანებისთვის გათვალისწინებული “სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის No279 დადგენილებით  ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სოციალური პაკეტი უნდა განიმარტოს, როგორც  პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა, რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებასთან და აღნიშნულის გამო სახელმწიფოს მიერ გამოხატულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ამავე სახელმწიფოს კეთილდღეობაში შეტანილი წვლილისთვის.

ამდენად, სახალხო დამცველის განცხადებით, არსებული რეგულაცია, რაც გულისხმობს საპენსიო პაკეტთან ერთად სოციალური პაკეტის მიღების აკრძალვას, არჩევანის წინაშე აყენებს ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებული პირებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ:

ან აირჩიოს ასაკობრივი პენსია, რაც არ იძლევა მისი ღვაწლიდან გამომდინარე დამატებითი სოციალური პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას, ან ისარგებლოს მხოლოდ სოციალური პაკეტით, რომელიც დაენიშნა ვეტერანობის გამო, მაგრამ ასაკობრივ პენსიაზე გაცილებით ნაკლებია. შესაბამისად, სახალხო დამცველის თქმით, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ვეტერანებისთვის აზრი ეკარგება „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის No279 დადგენილებით მათთვის განსაზღვრული სოციალური პაკეტის/ფულადი უზრუნველყოფის არსებობას.

„გარდა ამისა, პრობლემურია ვეტერანებისთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემის საპენსიო ასაკთან დაკავშირება, რაც შეუსაბამოა აღნიშნული დახმარების დაწესების მიზანთან, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ვეტერანების მიმართ გარკვეული მზრუნველობის გამოხატულებას წარმოადგენს. კერძოდ, „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის No4 დადგენილების მე-2 საყოფაცხოვრებო სუბსიდია განმარტებულია, როგორც ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია კანონით განსაზღვრული სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად“ ,— აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის თქმით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია წარმაოდგენს პირისთვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნულ ყოველთვიურ სარგებელს, რომელიც დაენიშნება ნებისმიერ პირს, რომელმაც კანონით დადგენილ საპენსიო ასაკს მიაღწია.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული შეზღუდვა ვეტერანებისთვის თითქოს გამორიცხავს საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების არსებობას საპენსიო ასაკის მიღწევამდე, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებები ვეტერანებს გააჩნიათ საპენსიო ასაკის მიღწევამდეც და მას შემდეგაც.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღინიშნოს, რომ მოცემულ საკითზე მსჯელობისას საქმე გვაქვს ისეთ სოციალურ კატეგორიასთან, რომლის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება და აღნიშნული გასაცემლების ერთობლივი გაცემის შესაძლებლობის შემოღება სახელმწიფოს არ დააწვება მნიშვნელოვან ტვირთად. კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობს:

  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი – 178 პირი;
  •  სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი – 99 პირი;
  •  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და
    დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი – 3136 პირი;
  • თავდაცვის ძალების ვეტერანი – 183 პირი.

სოციალური პაკეტით სარგებლობს:

  •  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი – 4 პირი;
  •  სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი – 843 პირი;
  •  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი – 22 442 პირი;
  •  თავდაცვის ძალების ვეტერანი – 843 პირი.

დასკვნა:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი პრემიერს წინადადებით მიმართავს, განიხილოს „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის No4 და ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ’’ 2012 წლის 23 ივლისის No279 დადგენილებებში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა იმგვარად, რომ ,,ომისა და თავდაცვის ძალების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ პირებს, საპენსიო ასაკისგან დამოუკიდებლად მიეცეთ შესაძლებლობა, ერთდროულად ისარგებლონ ზემოაღნიშნული დადგენილებებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით. ასევე, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ არ შეეზღუდოთ სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი