ახალი ამბები

ავლაბარში 46 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

12 თებერვალი, 2024 • 1142
ავლაბარში 46 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ავლაბარში 46 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი პირი, ძმები- 1987 წელს დაბადებული ე.ბ. და 1985 წელს დაბადებული კ.გ. დააკავა.

უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს, თბილისში, ნაცნობზე – 1977 წელს დაბადებულ ფ.კ. – ზე, მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისსავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს“ ,— ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი