ახალი ამბები

CNN: რუსეთმა ნეპალიდან 15 ათასამდე მებრძოლი ჩაიყვანა

11 თებერვალი, 2024 • 8399
CNN: რუსეთმა ნეპალიდან 15 ათასამდე მებრძოლი ჩაიყვანა

ამერიკული ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთმა გასული წლიდან მოყოლებული ნეპალის 15 000-მდე მოქალაქე გადაიბირა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, ანაზღაურების სანაცვლოდ.

ამ ინფორმაციის თანახმად, ნეპალელები რუსეთში ტურისტული ვიზებით ჩადიან ინდოეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით შემდეგ კი მოსკოვისა და პეტერბურგის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების მაგივრად, სამხედრო კომისარიატებში მიდიან სამედიცინო შემოწმებებისთვის.

მედიაზონის თანახმად, რუსეთის ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება ქვეყანაში ნეპალელი ტურისტების მნიშვნელოვანი მატება, თუმცა ეს მაინც არ ემთხვევა CNN-ს მიერ დასახელებულ რიცხვებს. რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 2022 წელს რუსეთში სულ 72-მა ნეპალელმა ტურისტმა იმოგზაურა, 2023-ში – 1039-მა.

CNN-ის თანახმად, კრემლი ნეპალის მოქალაქეებს 2000-დოლარიან ხელფასებს და რუსეთის პასპორტებს სთავაზობს ომის სანაცვლოდ. ნეპალი მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, ხოლო მისი პასპორტი სუსტია გლობალური მობილობის თვალსაზრისით, შესაბამისად ნეპალელები კრემლის წინადადებით მარტივად ინტერესდებიან.

ნეპალის მთავრობამ დეკემბერში აუკრძალა საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში სამუშაოდ გამგზავრება. ნეპალმა ოფიციალურად მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს მისი მოქალაქეების რეკრუტირება, თუმცა “ჯერჯერობით შესაბამის ზომებს ვერ ხედავს”.

ნეპალელი მებრძოლები, რომლებიც რუსეთიდან დაბრუნდნენ, CNN-ს უყვებიან, რომ ისინი ომში ძალიან მცირეხნიანი წვრთნის შემდეგ მოხვდნენ “საზარბაზნე ხორცებად”. ჯარისკაცების თქმით, მათ რუსი მეთაურები წინა რიგებში უშვებდნენ, თავად კი სიღრმეში რჩებოდნენ “მხარდაჭერის” მიზნით. ამასთან, ნეპალელი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ არ ჰქონდათ თანამედროვე იარაღი, როდესაც უკრაინელები მათ წინააღმდეგ ძირითადად დრონებით იბრძოდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ CNN-ს კომენტარზე უარი უთხრა.

საპროტესტო აქცია ნეპალში რუსეთში წაყვანილი ჯარისკაცების უკან დაბრუნების მოთხოვნით. ეპა

მასალების გადაბეჭდვის წესი