საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2023 წელს საქართველოს რეზიდენტები 2.8 მილიონჯერ გავიდნენ საზღვარგარეთ, რაც 31.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.4 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი (იგულისხმება ისეთი ვიზიტი, რომლის დროსაც ვიზიტორმა ღამე გაათენა ვიზიტის ადგილზე), რაც 43.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი (35.4 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით.
უწყების განცხადებით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 1 მილიონი და 349 ათასი ვიზიტი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.5 ღამე შეადგინა, რაც 2022 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.1 ღამე) 7.1 პროცენტით მეტია.
უწყების ცნობით, განხორციელებული ვიზიტების 97.2 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს:
„2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 11.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 15.9 პროცენტით შემცირდა და 906.7 ლარი შეადგინა“, — აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.