ახალი ამბები

მელია: ვსაუბრობ ორ პარტიასთან საარჩევნოდ ნომრის ასაღებად

8 თებერვალი, 2024 • 994
მელია: ვსაუბრობ ორ პარტიასთან საარჩევნოდ ნომრის ასაღებად

ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ  განაცხადა, რომ აწარმოებს ტექნიკურ მოლაპარაკებას ორ პარტიასთან, რომელთა საარჩევნო ნომრით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

მელია, რომელმაც განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, თუმცა ჯერ პარტია არ შეუქმნია, ამ საკითხებზე 8 თებერვალს, ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ისაუბრა.

მან ნაწილობრივ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ  მოლაპარაკებებს  აწარმოებს “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”  თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძესთან, თუმცა განმარტა, რომ საუბარია არა გაერთიანებაზე, არამედ ტექნიკურად ამა თუ იმ პარტიის ნომრის გამოყენებაზე:

“სად მაქვს პარტია, რომ ვინმესთან გავერთიანდე. არ დაგიმალავთ, რაზეა საუბარი. ჩვენ, ბუნებრივია, ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას და გვჭირდება კონკრეტული ნომერი, რაღაცა ხომ უნდა შემოხაზოს ამომრჩეველმა. ბიულეტენში ხომ უნდა გვიპოვონ. რა თქმა უნდა, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს პარტიებთან.  ასეთი არ არის ბევრი, ვისაც აქვს საარჩევნო ნომერი, მაგრამ არ აპირებს არჩევნებში ასპარეზობას”.

მელიას თქმით, საუბარია ტექნიკურ გაერთიანებაზე, რომლის მიზანია არჩევნებში ისეთი პარტიის ნომრით გასვლა, რომელიც თავად არ გეგმავს აქტიურად მონაწილეობას.

“ერთია, რომ ერთიანდება და სხვა რამეა, რომ ტექნიკურად, უბრალოდ ნომერს იყენებს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისგან, მეტი არაფერი. არ არის გადაწყვეტილი. ორი ვარიანტიდან ერთ-ერთს ავირჩევთ”.

მელიას არ დაუსახელებია მეორე პარტია, რომელთანაც აწარმოებს ტექნიკურ მოლაპარაკებებს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარტია, რომელიც არჩევნებში პირველად  მონაწილეობს, საარჩევნო ნომერს ლოტოტრონის საშუალებით მიიღებს.  მელიას, როგორც ჩანს, არ სურს ამგვარად მინიჭებული ნომერი. მაჩუტაძის პარტია კი, რომელთანაც მოლაპარაკებები  დაადასტურა მელიამ,  წინა არჩევნებზე 4 ნომრით გამოდიოდა. 



მასალების გადაბეჭდვის წესი