ახალი ამბები

„იქნებ, სხვა დაამზადოთ“ – პაპუაშვილის შენიშვნა ნაცვლიშვილს გულსაბნევის გამო

8 თებერვალი, 2024 • 3090
„იქნებ, სხვა დაამზადოთ“ –  პაპუაშვილის შენიშვნა ნაცვლიშვილს  გულსაბნევის გამო

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამჯერად შენიშვნა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს მისცა გულსაბნევის გამო.

კერძოდ, ანა ნაცვლიშვილს, რომელიც მანამდე რუსულ კანონსა და დეოლიგარქიზაციაზე საუბრობდა, პიჯაკზე ევროკავშირის და საქართველოს დროშებიანი გულსაბნევი ეკეთა. თუმცა, როგორც პაპუაშვილი ამტკიცებს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ეროვნული დროშის გამოსახვის სტანდარტი“ დაარღვია.

მან მოუწოდა ანა ნაცვლიშვილსა და მის პარტიას, „ლელოს“, სხვა სახის გულსაბნევი დაამზადონ.

„ქალბატონო ანა, შეგატყვეთ, რომ გულსაბნევი გაქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშით. მესმის, რომ, როგორც ჩანს, სადღაც გაჩუქეს ეს გულსაბნევი. თუმცა, მე მგონი, თქვენს პარტიას არ გაუჭირდება დაამზადოს სხვა სახის გულსაბნევი, ვინაიდან თქვენ ხართ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო ეროვნული დროშის გამოსახვის სტანდარტი გულისხმობს, რომ ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ, ნებისმიერი სხვა დროშა. ამიტომ თქვენს გულსაბნევზე თქვენგან მარჯვნივ ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ, ევროკავშირის დროშა. ამიტომ გთხოვთ, და იქნებ, თქვენს პარტიაში შეძლოთ, რომ ასეთი სახის გულსაბნევები დაამზადოთ“, – მიმართა პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს.

შალვა პაპუაშვილის შენიშვნას გამოეხმაურა „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და განაცხადა, რომ „პარლამენტის თავმჯდომარე ისე რეაგირებს ევროპულ დროშაზე, როგორც ეშმაკი ჯვარზე“.

„კოლეგებისთვის შენიშვნის ნაცვლად, მე იმაზე ვიფიქრებდი, რომ ევროკავშირის საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასაც უნდა ამშვენებდეს, იმ ქვეყნისას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა გახდა, მიუხედავად თქვენი მცდელობისა, რომ ეს დღე არ დამდგარიყო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მიმდინარე კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერ დეპუტატებს ჩაცმულობის გამო შენიშვნას აძლევს.

6 თებერვალს, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებისას ,ალეკო ელისაშვილმა გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმნენ. რის გამოც ალეკო ელისაშვილმა კოლეგებს შეახსენა ქართული ხალხური ლექსის სტრიქონი: „ათასად კაცი დაფასდა, ასიათასად ზრდილობა“.

ელისაშვილის კრიტიკის პასუხად შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ქცევა „პოლიტიკური ჟესტი“ იყო, ეტიკეტის დარღვევაზე კი თავად ალეკო ელისაშვილს მიუთითა. ალეკო ელისაშვილს ჯინსები, პერანგი და ნაქსოვი მოსაცმელი ეცვა.

შალვა პაპუაშვილის შენიშვნის შემდეგ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მივიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი