ახალი ამბები

„ჩვენც გვაქვს პატარა ეკლექტიკა ჩვენს იდეოლოგიაში“ — კობახიძე „ოცნებაზე“

7 თებერვალი, 2024 • 1014
„ჩვენც გვაქვს პატარა ეკლექტიკა ჩვენს იდეოლოგიაში“ — კობახიძე „ოცნებაზე“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დღეისათვის მკვეთრი ზღვრის გავლება იდეოლოგიებს შორის მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ეს ზღვარი ბევრგან პირობითია.

ამის შესახებ კობახიძეს კითხვა დღეს, 7 თებერვალს, პარლამენტში დაუსვეს, როცა ოპოზიციონერ დეპუტატებს პასუხობდა. „გირჩის“ ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა მას სთხოვა განემარტა, თუ რა იდეოლოგიისაა „ქართული ოცნება.

„რაც შეეხება ჩვენს („ქართული ოცნების“) პოლიტიკას, მე უფრო მეტად აქცენტს გავაკეთებ პოლიტიკაზე და არა ხისტ იდეოლოგიურ განმარტებებზე. ჩვენი პოლიტიკა არის ასეთი: გადასახადის აკრეფის ნაწილში ჩვენ ვართ უკიდურესად მემარჯვენეები იმიტომ, რომ ძალიან ცოტა გადასახადები იკრიბება, ხარჯების ნაწილში კი ვართ მკვეთრად სოციალურად ორიენტირებული.

ამიტომ, ჩვენც გვაქვს პატარა ეკლექტიკა ჩვენს იდეოლოგიაში, პირობითად ვამბობ ამას. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი პოლიტიკა: ცოტას ვიღებთ გადასახადების სახით, ბევრს ვხარჯავთ სოციალურ ნაწილში“, — განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მას არ სურს განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება იმაზე, თუ რომელ იდეოლოგიას განეკუთვნება „ქართული ოცნება“, თუმცა „წესდების მიხედვით, ჩვენ ვართ მემარცხენე-ცენტრისტული პარტია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი