ახალი ამბები

„რადიკალური ოპოზიცია“ და „ქვეყნის მტრები“ სინონიმები არ არის – კობახიძე

7 თებერვალი, 2024 • 925
„რადიკალური ოპოზიცია“ და „ქვეყნის მტრები“ სინონიმები არ არის – კობახიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია“ და „ქვეყნის მტრები“ სინონიმები არაა.

სწორედ „რადიკალურ ოპოზიციად“ მოიხსენიებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრები კონკურენტ ოპოზიციურ პარტიებს.

თუმცა დღეს, 7 თებერვალს, პარლამენტში ოპოზიციასთან თავის სამთავრობო გეგმის წარდგენისას, კობახიძე ირწმუნებოდა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ შეურაცხმყოფელი შეფასება არ არის.

„მე არ მგონია, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ და „ქვეყნის მტრები“ სინონიმები იყოს, თუნდაც წმინდა შინაარსობრივი თვალსაზრისით. რადიკალიზმი არის პრობლემა ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. რადიკალიზმია, როცა არ ხდება ხელისუფლების საშინაო პოლიტიკური ლეგიტიმაციის აღიარება. მაგალითად, როცა არჩევნები გაყალბებულად ცხადდება და მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი.

ასევე რადიკალიზმია, როცა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური ლეგიტიმაციის აღაირება არ ხდება. როცა ამბობ, რომ ხელისუფლება რუსულია, რა ლეგიტიმაციაზეა საუბარი. ეს არის რადიკალიზმი. ამიტომ, მე მგონია, რადიკალური ოპოზიცია არ არის შეურაცხმყოფელი ეპითეტია, არამედ ის ტერმინია, რომელიც ოპოზიციის პოზიციას ასახავს. სამწუხაროდ, ეს ასეა.

ქვეყნის მტრებზე რომ იყო საუბარი, ასეთი ტერმინოლოგია შეგვიძლია უარყოფითად შევაფასოთ. თუმცა რადიკალური ოპოზიცია და ქვეყნის მტრები არ არის სინონიმები“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ზოგადად, საზოგადოებას კონსოლიდაცია სჭირდება, თუმცა ამის წინაპირობა რადიკალიზმზე უარის თქმა უნდა იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი