სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ დღეს, 7 თებერვალს, ასურეთთან ჩამოვარდნილ სითბურ აეროსტატს შემოწმება გავლილი ჰქონდა.
სააგენტოს ცდნობით, Cameron Balloons Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც, ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავმა შესაბამის უწყებაში წარადგინა საფრენოსნო გეგმა.
„დიდ ბრიტანეთში წარმოებული სითბური აეროსტატი Cameron Balloons Z-315 2022 წელს არის გამოშვებული და ამავე წელს დარეგისტრირდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო ნომერი 4L-BAV).
აეროსტატს მართავდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება“, — აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო. უწყებისვე ცნობით, მოკვლევის ამ ეტაპზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა დეტალები.
უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და მფრინავები — რევაზ უთურგაური და კრისტოფ ზაპარტი.