საზოგადოება

ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის „იმედის“ ოპერატორია

7 თებერვალი, 2024 • 2987
ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის „იმედის“ ოპერატორია

ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია თავად ავრცელებს:

„სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.

ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის და პილოტების გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მომხდარი ტრაგედიის გამო ტელეკომპანია „იმედი“ საეთერო ბადეს ცვლის“, — აცხადებენ ტელეკომპანიაში.

ინციდენტის დროს ასევე დაიღუპნენ Sky Travel-ის დამფუძნებელი რევაზ უთურგაური და პოლონელი მფრინავი კრისტოფ ზაპარტი.

საჰაერო ბურთი დღეს, 7 თებერვალს ფოთიდან აფრინდა, 400 კილომეტრი უნდა გაევლო და ფრენა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაესრულებინა. რევაზ უთურგაური წერდა, რომ მარშრუტი გრძელი არ არის, თუმცა ფრენა რთული იქნებოდა, რადგანაც ძირითადად მთიან რელიეფზე უნდა გადაეფრინათ, თუმცა ეს ერთადერთი მარშრუტი იყო, რომელზეც მარეგულირებელი ხელს არ უშლიდა.

უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო, რაც საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მფრინავებმა დღეს დილით სოციალურ ქსელში ფრენისთვის მომზადებისა და ფრენის დაწყების ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნეს, ამ ვიდეოებში ჩანს ოპერატორი მიშო ბიძინაშვილიც, რომელიც ვიდეოკამერით იღებს.

მთავარ ფოტოზე (მარცხნიდან მარჯვნივ): მიშო ბიძინაშვილი, კრისტოფ ზაპარტი და რევაზ უთურგაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი