ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გრძელდება აფხაზების დაკითხვები ანტირუსულ განწყობებზე

7 თებერვალი, 2024 • 6546
გრძელდება აფხაზების დაკითხვები ანტირუსულ განწყობებზე

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


აფხაზ აქტივისტებს, ოპოზიცინერებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს უშიშროების ფედერალური სამსახურის [ФСБ] თანამშრომლები რუსეთთან ფსოუს გამშვებ პუნქტსა და სოჭის აეროპორტში აჩერებენ. აღნიშნული პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია არსებობს, თუმცა წინა წლებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები პრობლემას არ ასაჯაროებდნენ.

პირველად ამის შესახებ განგაშის ზარი კერძო ტელევიზიის ჟურნალისტმა ელეონორა გილოიანმა შემოჰკრა. “ფსოუს” გამშვებ პუნქტზე პროფილაქტიკური საუბრისთვის დაკავების შემდეგ, მან საკუთარ ტელეგრამ არხზე ინციდენტისა და იმის შესახებ დაწერა, რომ მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უშიშროების სამსახურს [დე ფაქტო] მიმართა კითხვით, რა მიზნით აყოვნებენ რუსული სპეცსამსახურები აფხაზეთის მოქალაქეებს.

ჟურნალისტმა საკუთარ ბლოგში დაწერა,  რომ ФСБ-ს თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ  აფხაზური მხარის თხოვნით აკავებენ.

“როდესაც ბოდიშის მოხდით ვიკითხე, რატომ უნდა დამაყოვნონ, ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ მიპასუხა:”არ ვიცი, ჩვენ თქვენთან არ გვაქვს კითხვები. იქით იკითხეთ, და აფხაზეთის მხარეს მანიშნა “- ამბობს გილოიანი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისადმი მიმართვაში ჟურნალისტმა მზაობა გამოხატა, უპასუხოს უწყების ყველა კითხვას, მათი არსებობის შემთხვევაში. ამასთან, ბლოგში ჰყვებოდა, როგორ მივიდა უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან მიღებაზე და აფხაზურ სპეცსამსახურებთან ურთიერთობაზე შთაბეჭდილებები გაუზიარა.

“ჩემი აზრით, რაიმე კავშირი კონკრეტულდ ჩემს შემთხვევასთან უშიშროების სამსახურს არ აქვს. გულწრფელად მგონია, რომ ეს არ არის უწყების ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ჩემი აზრით, ღირსეული მოქალაქისა და ადამიანის, მუშაობის მეთოდი”, – წერს გილოიანი.

რამდენიმე კვირის შემდეგ ფედერალური სამსახურის თანამშრომლებთან დაკითხვაზე მოხვდა საზოგადოებისთვის ცნობილი მოქალაქე და ბიზნესმენი ლევან მიქაა. ლევან მიქაა ცნობილია თავისი კატეგორიული უარყოფითი დამოკიდებულებით, რუსეთის ფედერაციას გადაეცეს ბიჭვინთის აგარაკი. მანვე ორგანიზება გაუკეთა მიტინგს პარლამენტთან ამ გარიგების რატიფიკაციის შესახებ. ამასთან, ბიზნესმენი კრიტიკას არ მალავს ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის, აეროპორტის და ენერგეტიკული ობიექტების რუსეთის საკუთრებაში გადაცემის და ასევე, უცხო ქვეყნის აგენტების წინააღმდეგ კანონპროექტის მიმართ.

საზღვარზე დაკავების შემდეგ მიქაამ პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ოპოზიციონერთა დაკავებებზე. მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ფედერალური სამსახურის თანამშრომლები დაინტერესდნენ მისი ანტირუსული განწყობების თაობაზე და ეკითხებოდნენ შიდპოლიტიკურ სიტუაციაზე აფხაზეთში.

“მათ აინტერესებდათ, რა ხდება აფხაზეთში, არსებობს თუ არა აფხაზეთში ანტირუსული განწყობები, არსებობენ თუ არა ორგანიზაციები, რომლებიც ანტირუსულ საქმიანობას ეწევიან”.

მისი აზრით, რუსულ მხარეს აქეზებს აფხაზეთის ხელისუფლება, რომლის მიზანიცაა, გაუსწორდეს ყველას, ვინც მის პოლიტიკას მხარს არ უჭერს.

“ჩემი აზრით, ეს ჩვენი პრეზიდენტის ხედვაა. მისი დაწესებული. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ჩვენს შიდა სუვერენიტეტს ესხმის თავს, როდესაც ოლიგარქებს, მსხვილ რუსულ ბიზნესს ლობირებს. ის, პირველ რიგში, საკუთარ ინტერსებს იცავს”, – ამბობს მიქაა.

საჯაროდ არ აცხადებენ, თუმცა კულუარებში განიხილავენ სოჭის აეროპორტში აფხაზური არსასამთვრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის დაკავებასაც. მათ ეკითხვებიან, ხვდებიან თუ არა ქართველებს.

“უბრალოდ, წარმოუდგენელია, რომ ფედერალური სამსახური საკუთარი ინიციატივით ინტერესდებოდეს აფხაზებსა და ქართველებს შორის შეხვედრებით, ახლა საკუთარი პრობლემებიც ჰყოფნით. ეს ყოველივე მოთხოვნილია აფხაზეთიდან. არ ვიცი, რას ეუბნებიან მათ, იქნებ იმას, რომ პროდასავლურმა ძალებმა საქართველოში აფხაზები გადაიბირეს. ეს ხომ სრული ბოდვაა. როდესაც 2014-2015 წლებში ოპოზიცია მიტინგებს აწყობდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების წინააღმდეგ, ისინი მაშინ არავის დაუდანაშაულებია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში”, – გვიყვება აფხაზეთში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ანონიმურობის დათქმით.

საინტერესოა ისიც, რომ საზღვარზე დაკითხვის მიზნით მათი დაყოვნებაც დაიწყეს, ვისაც საერთოდ არ აქვს შეხება არც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არც პროექტებთან და შეხვედრებთან. ამის მაგალითია ემა ხოჯაა, ჟურნალისტი და ამავე დროს, ექსპრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ღია მხარდამჭერი.

ჟურნალისტმა სოციალურ ქსელებში მიმართა ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც მისი აღწერით, “პერიოდულად მიდიან მიწისქვეშეთში და ოცნებობენ, ჩვენი დამსახურებით, ისევ ხელისუფლებაში მოსვლაზე, ბჟანიას სკამის დაკავებასა და იმავე პოლიტიკის გაგრძელებაზე!”

“ესაუბრეთ თქვენს ხალხს, ნუ მიაკრავთ მათ უცხოელი აგენტების იარლიყს, ან სხვისას… მიიღეთ ერთიანი ეროვნული გადაწყვეტილება, როგორ გადარჩეთ რთულ დროს და შეინარჩუნოთ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჩვენი მიწები, ენა, კულტურა ქვეყანა!”

ხოჯაა ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ არანაირი კავშირი არ აქვს დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან:

“დიახ, მე არ მაქვს არანაირი კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციებთან… არ მაქვს უცხოური ვალუტისთვის განკუთვნილი ანგარიშები, გრანტები და პროექტები… და დაინტერესებულთათვის…დიახ! მე ვიყავი პარიზში, მადრიდში, ბარსელონაში, მილანში, რომში, პრაღაში, ვენაში.. ვიმოგზაურე მთელ “გახრწნილ” დასავლეთში… მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი და არა უცხოელი სპონსორების ფულით!”

არსებობს მოსაზრებაც, რომ შიდა მტრებზე ნადირობა, უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის შემუშავება და აქტივისტების დაშინება ფედერალური სამსახურის თანამშრომლების მიერ არა მხოლოდ აფხაზეთის ხელისუფლების მცდელობაა, შეინარჩუნონ სავარძლები. ამაში ხელისუფლებას ეხმარებიან რუსეთის ფედერაციიდან, ვისთვისაც არახელსაყრელია აფხაზეთში ხელისუფლების ცვლილება, რადგანაც ამჟამინდელი პრეზიდენტი აქტიურად ცდილობს ყველა დაპირების შესრულებას. მაგალითად, იქნება ეს რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში უძრავი ქონების მიყიდვა, ენერგეტიკის სფეროს და აეროპორტის გადაცემა თუ ა.შ. ამის საუკეთესო საშუალება კი ისაა, ანტირუსულ განწყობებში დაადანაშაულო პრეზიდენტის პოლიტიკის მოწინააღმდეგები. და თუ ასეთი განწყობები არ არსებობს – შექმნა ისინი, რაც დღეს ხდება აფხაზეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი