ახალი ამბები

ისრაელი ადასტურებს „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 29 მძევლის დაღუპვას

7 თებერვალი, 2024 • 603
ისრაელი ადასტურებს „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 29 მძევლის დაღუპვას

ისრაელის თავდაცვის ძალების [ცაჰალი] ცნობით, ოფიციალურად დასტურდება „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 29 მძევლის დაღუპვა.

„ვმუშაობთ მძევლების სახლში დასაბრუნებლად და ვცდილობთ, მოვიპოვოთ ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ. ჩვენი წარმომადგენლები ოჯახებთან არიან ამ რთულ დღეებში და ყველა დადასტურებულ ინფორმაციას აწვდიან“, – ციტირებს „ტაიმს ოფ ისრაელი“ უწყების პრესსპიკერ დანიელ ჰაგარის.

მისი ცნობით, ცაჰალისთვის ცნობილია 31 მძევლის დაღუპვაზე. აქედან 29 მძევლად 7 ოქტომბრის თავდასხმისას აიყვანეს ტერორისტებმა, ხოლო კიდევ ორი, ჯარისკაცები, ორონ შაული და ჰადარ გოლდინი, ჯერ კიდევ 2014-ში გაიტაცეს და მოკლეს, თუმცა ცხედრებს ღაზის სექტორში მალავდნენ.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ 6 თებერვლის მასალაში აღნიშნავდა, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში იყო 136 ადამიანი, მათ შორის არიან ისინიც, ვისი დაღუპვაც ისრაელმა დაადასტურა.


7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი. ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.

გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში 28 ათასამდე ადამიანია დაღუპული, მათგან 12 ათასზე მეტი ბავშვია.

ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარული და უფლებადაცვითი ორგანიზაციები ღაზაში არსებულ ვითარებას კატასტროფულს უწოდებენ, სადაც ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ საკვებსა და ჯანდაცვის ელემენტარულ სერვისებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი