ახალი ამბები

გლდანი-ვარკეთილის გარდა სატვირთოების გადაადგილება თითქმის ყველგან იზღუდება

7 თებერვალი, 2024 •
გლდანი-ვარკეთილის გარდა სატვირთოების გადაადგილება თითქმის ყველგან იზღუდება

საცობების შემსუბუქების მიზნით, თბილისის მერიამ განსაზღვრა დედაქალაქის ის უბნები, სადაც 1 იანვრიდან, დღის განმავლობაში რამდენიმე საათით შეიზღუდა დიდი გაბარიტების მქონე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება. თუმცა ეს არ შეეხება ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ უბანს — გლდანს, ასევე, ვარკეთილს, მუხიანსა და ზღვის უბანს (თემქა) . საცობების მიუხედავად, აქ სატვირთო ავტომობილები პიკის საათებშიც თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა რუკა, თუ რომელ უბნებში იქნება შეზღუდული სატვირთოების გადაადგილება. აღნიშნული რუკის მიხედვით, შეზღუდვა ძირითადად იმოქმედებს ცენტრალურ უბნებში — ვერა-ვაკე-საბურთალოზე, დიდუბეში, ჩუღურეთში, მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე. ცენტრალური უბნების მიღმა შეზღუდვები ასევე ეხება სამგორის, ნაძალადევისა და დიდი დიღმის ნაწილსაც.

წითლად მონიშნულია უბნები, სადაც დიდი ზომის სატვირთოების გადაადგილება იზღუდება

ახალი რეგულაციით, გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება აღნიშნულ უბნებში შეზღუდული იქნება 08:00-11:00 საათის, ასევე 17:00-20:00 საათების შუალედებში. დამრღვევებს 1000 ლარით დააჯარიმებენ.

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, გადაადგილებაზე გამონაკლისი შეეხება სპეცტექნიკას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სასწრაფო დახმარების ავტომანქანებს, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკას, ასევე, ტურისტულ სატრანსპორტო საშუალებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი