ახალი ამბები

ჯაფარიძემ საგარეო უწყებაში უცხოეთში უბნების გახსნაზე ემიგრანტების მიმართვები მიიტანა

7 თებერვალი, 2024 • 547
ჯაფარიძემ საგარეო უწყებაში უცხოეთში უბნების გახსნაზე ემიგრანტების მიმართვები მიიტანა

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში ემიგრანტების ოფიციალური მიმართვები მიიტანა, რომლებიც  საზღვარგარეთ თავიანთ საცხოვრებელ ქალაქებში საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ.

როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს,  მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ემიგრანტებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართეს,  უწყებისგან არანაირი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხს არ სცემს ქართველ ემიგრანტებს. 65-ზე მეტ ქალაქში არის დაწყებული ხელმოწერების შეგროვება, აქედან 15-მდე ქალაქიდან უბნის გახსნაზე ოფიციალური მოთხოვნა არის უკვე გაგზავნილი საგარეო საქმეთა სამინისტროში და პასუხს არ სცემენ. ჩვენ მოვიტანეთ ოფიციალური მიმართვები მინისტრის სახელზე, სადაც ვითხოვთ, რომ ოფიციალურად დაადასტურონ: იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს 50-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და ითხოვს უბნის გახსნას, იქ გაიხსნება დიპლომატიური წარმომადგენლობა დროებით. შემდეგ კი ცესკოს მიეცემა საშუალება, რომ გაიხსნას უბანი. მათ შორის ვითხოვთ ინფორმაციას, საკონსულო აღრიცხვაზე  მყოფი საქართველოს  მოქალაქეები რომელ ქალაქებში ცხოვრობენ, რადგან პრობლემა არის, რომ უბნებს ხსნიან მარტო იქ, სადაც არის დიპლომატიური წარმომადგენლობები, არა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიტანილი საბუთების ასლები გადაეგზავნებათ სადამკვირვებლო მისიებსაც, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან.


2023 წლის ნოემბერში „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის წარადგინეს ახალი პროექტი – „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“. პროექტის მიზანია საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრები  მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცესის მაქსიმალური გამარტივება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

პროექტი ითვალისწინებს ახალი საარჩევნო უბნების გახსნას უცხოეთის იმ ქალაქებში, სადაც ამჟამად ცხოვრობს ბევრი საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არ არსებობს საქართველოს საკონსულო.

კანონმდებლობის თანახმად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი