ევროკავშირი უარს იტყვის გარემოსდაცვითი რეგულაციების ნაწილზე, რომელთა გამოც ბლოკის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში, ბოლო ხანია, ფერმერების აქტიური პროტესტები მიმდინარეობს.
Financial Times წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უქმდება სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენების განახევრების გეგმა.
- პესტიციდები — ქიმიური ნაერთები, რომელსაც იყენებენ მცენარეთა მავნებლების, მარცვლეული კულტურების, მერქნის, ბამბის, შინაური ცხოველების ექტოპარაზიტების, აგრეთვე ადამიანისა და ცხოველის საშიშ დაავადებათა გადამტანების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა, – ევროკავშირის მწვანე პოლიტიკის ნაწილი, – პოლარიზაციის წყარო აღმოჩნდა. მისივე თქმით, ფერმერთა პროტესტის ფონზე, რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ ეს ინიციატივა ისედაც დაბლოკა.
პესტიციდების გამოყენების შეზღუდვა, სხვა ზომებთან ერთად, ბუნებაზე მავნე ზეგავლენისა და ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის ემისიების შემცირებას ისახავს მიზნად. ფერმერების განცხადებით, მათთვის ეს რეგულაციები დამაზიანებელი იყო, ვინაიდან ზრდიდა პროდუქციის წარმოების ფასს.
გარდა პესტიციდების გამოყენების შეზღუდვის გაუქმებისა, ბრიუსელმა აგრეთვე უარი თქვა ცხოველთა კეთილდღეობაზე ახალი რეგულაციის მიღებაზე და ნებართვა მისცა ფერმერებს, დაამუშაონ მიწა, რომელიც, პირვანდელი გეგმით, ხელშეუხებელი უნდა დარჩენილიყო.
Financial Times-ის ცნობით, ფონ დერ ლაიენს ამ ზომების მიღებისკენ მოუწოდებდნენ მისი თანაგუნდელების ნაწილიც. გამოცემის თანახმად, ფონ დერ ლაიენისა და მისი „ევროპის სახალხო პარტიის“, – ევროპის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფის, – ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ფერმერები არიან. პარტიაში შიშობდნენ, რომ ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ფერმერები შეიძლება ულტრამემარჯვენე პარტიების მხარეს გადასულიყვნენ.