ახალი ამბები

პარტიები, რომლებსაც მოსწონთ პრეზიდენტის ინიციატივა „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“

6 თებერვალი, 2024 • 1179
პარტიები, რომლებსაც მოსწონთ პრეზიდენტის ინიციატივა „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მოიწონა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა, რომლის შესახებ მან დღეს, 6 თებერვალს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ახსენა.

კერძოდ, პრეზიდენტი ქმნის „ერთობის პლატფორმას ევროპისთვის“. მან პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები მიიწვია აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობისთვის.

პრეზიდენტის ინიციატივას ერთ-ერთი პირველი “ნაციონალური მოძრაობა” გამოეხმაურა და მიესალმა.

“ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში, რადგან ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და, შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ არჩევნების წინ, რომელიც ქვეყანას ელოდება და რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილება”, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებში ჩართვის მზაობა გამოთქვა “სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა” გიორგი ვაშაძემაც. მისი თქმით, ახლა საზოგადოებას უნდა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გამაერთიანებელი შინაარსი იპოვოს.

თუმცა, ვაშაძის თქმით, დიდი ერთობისთვის, ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე იფიქროს.

“მზად ვართ, ამ კონსულტაციებში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ვფიქრობთ, რომ ამოცანაა, იმდენად დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ყველა განსხვავება, რაც ოპოზიციურ ფლანგზეა, უნდა დავივიწყოთ. უნდა წავიდეთ იმ გზით, რასაც საზოგადოება გვთავაზობს” ,— განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრეზიდენტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს პარტია “ლელოშიც”. როგორ პარტიის წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, „ლელო იყო აქტიურად ჩართული ყველგან, სადაც ევროპული საქმე კეთდებოდა“.

“ლელო” არ მონაწილეობდა იქ, სადაც ევროპული საქმის იმიტაცია იყო და არც ხვალ მიიღებს მონაწილეობას ამაში, იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე. პრეზიდენტის შემოთავაზებას მივესალმებით”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტის შეთავაზება მისაღებია პარტია “მოქალაქეებისთვისაც”. როგორც პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა:

“მზად ვართ, მივიდეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან სადაც იქნება ეს პლატფორმა, ჩვენი მოსაზრებებიც ვთქვათ და სხვებსაც მოვუსმინოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეგ საქმე ერთობისკენ წავიდეს, თუმცა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენს ოპოზიციონერ ლიდერებს მოუთოკავი ამბიციები აქვთ”, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გიორგი გახარიას თანაგუნდელი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.

ბუჩუკური აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში იყო ძალიან კარგი, სწორი გზავნილებით და სწორი აქცენტებით და ფაქტობრივად დაემთხვა მათი გუნდის ლიდერისა და გუნდის პოზიციებს.

დეპუტატის თქმით, „საქართველოსთვის“ გააგრძელებს პრეზიდენტის ინსტიტუციის მხარდაჭერას, სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას და მიიჩნევენ, რომ მისი როლი არჩევნების დაცვაში მნიშვნელოვანია. თუმცა, ბუჩუკური აღნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყნის თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებენ:

„შესაბამისად, ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს დამოკიდებულებას ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ არ შეცვლის. მე ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – დიახ, მე მივეცი ხმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას და ეს არასოდეს მინანია. ასევე, ვამაყობ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქალბატონი სალომეს იმპიჩმენტის პროცესის ჩაშლაში,“ — ამბობს ბუჩუკური.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, აქ  პრეზიდენტის ინიციატივას “მორიგი რადიკალური ოპოზიციური პარტიის შექმნის ანონსი” უწოდეს.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, “ქართული ოცნება” პრეზიდენტის შეთავაზებით დაინტერესებული არაა.

“[პრეზიდენტმა] რეალურად დაადასტურა ის გეგმები, რაზეც ვსაუბრობდით, აშკარად აპირებს შექმნას ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის ის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას”, — განაცხდა ირაკლი კობახიძემ.

სხვა პარტიების პოზიცია ამ საკითხზე ჯერ ცნობილი არაა.


პლატფორმის ჩამოყალიბების მიზნით სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსებს საკოორდინაციო ცენტრს, „რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას“.

ზურაბიშვილის თქმით, ამ მიზნით მომავალ დღეებში აპირებს მოიწვიოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი