ახალი ამბები

უკრაინას ელჩი რომ ჰყოლოდა, ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა — კობახიძე საელჩოზე

6 თებერვალი, 2024 • 1346
უკრაინას ელჩი რომ ჰყოლოდა, ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა — კობახიძე საელჩოზე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინას საქართველოში ელჩი რომ ჰყავდეს, საელჩო ისეთ განცხადებას არ გაავრცელებდა, როგორიც დღეს, 6 თებერვალს გამოაქვეყნა.

კერძოდ,  უკრაინის საელჩო საქართველოში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, “ასაფეთქებლის აღმოჩენის” საქმის პოლიტიზებისგან თავი შეიკავოს და თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც კობახიხე აცხადებს, პოლიტიზება არაფერ შუაშია. მისი თქმით,  უკრაინული მხარე ცდილობს საქართველო რუსეთის სამიზნედ აქციოს და ეს შემაშფოთებელია.

“ყველაფერი საჭიროებს განმარტებას. როდესაც ვიღაც ცდილობს ქვეყნის გარეთ თუ შიგნით საქართველო აქციოს რუსეთის აგრესიის სამიზნედ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და შემაშფოთებელი. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც ღიად ამბობენ უკრიანის ხელისუფლების მაღალჩინოსნები:  მათ სურდათ და ალბათ, დღესაც სურთ მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები, რაც სუსის მხრიდან გამომჟღავნდა, ამ ყველაფრის მორიგი დადასტურება[…]

არაფერ შუაში არ არის პოლიტიზირება. საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ქვეყნის უსაფრთხოებაც არის პოლიტიკური საკითხი, მაგრამ პოლიტიზირება აქ არაფერ შუაშია. ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ალბათ, ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 თებერვლის განცხადებით, რამდენიმე ერთეული სპეციალური მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს, რომელიც საქართველოს გავლით უკრაინიდან რუსეთში გაჰქონდათ.

უწყების განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუზელზე, კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკისას ამოიღეს ელექტრომანქანისთვის განკუთვნილი ორი აკუმლატორი, რომლებსაც იყენებდნენ კონტეინერებად. სუსის ინფორმაციით, აკუმლატორებში განთავსებული იყო ექვსი ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი