ახალი ამბები

უნგრეთის პარლამენტში ჩავარდა სხდომა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციაზე

5 თებერვალი, 2024 • 955
უნგრეთის პარლამენტში ჩავარდა სხდომა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციაზე

უნგრეთის პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელზეც შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაცია უნდა განეხილათ, ვერ ჩატარდა. „როიტერსის“ ცნობით, სხდომას არ დაესწრნენ მმართველი პარტიის, ვიქტორ ორბანის „ფიდესის“ დეპუტატები, რის გამოც კვორუმი ვერ შედგა. უნგრეთი ნატოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის გაწევრიანება არ აქვს რატიფიცირებული.

სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, ზოგიერთი ნატოს წევრი ქვეყნის ელჩიც მივიდა, მათ შორის აშშ-ის, დანიისა და პოლონეთის.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა აგნეს ვადაიმ განაცხადა, რომ ორბანს სურს ასიამოვნოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ნატოს ერთიანობას ზიანი მიაყენოს.

თავად „ფიდესი“ კი აცხადებს, რომ შვედეთის გაწევრიანების განხილვა პარლამენტის ჩვეულ რეჟიმში მუშაობის დროსაც იქნება შესაძლებელი. ამასთან ერთად, უნგრეთის მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ თუ ნატოში გაწევრიანება სტოკჰოლმისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ჩავა ბუდაპეშტში.

ბუდაპეშტში შვედი კოლეგა „მოლაპარაკებებისთვის“ თავად ორბანმა მიიწვია. ამას წინ უძღოდა ულფ კრისტერსონის ვიზიტი თურქეთში, რომელიც ოფიციალურად, გარკვეული პერიოდი, ეწინააღმდეგებოდა შვედეთის გაწევრიანებას. კრისტერსონმა მიიღო ორბანის მიწვევა, ოღონდ განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებას არ აპირებდა.

„გარდიანი“ აღნიშნავს, რომ უნგრეთს მომხდარის გამო მნიშვნელოვანი კრიტიკა ხვდა წილად აშშ-ის სენატში. ბენ კარდინმა, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უნგრეთის სანქცირების პერსპექტივაზე ისაუბრა და ორბანს „ნატოს ყველაზე ნაკლებად სანდო წევრი“ უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი