ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“დიახ, ვიმოგზაურე “გახრწნილ” დასავლეთში” – აფხაზი ჟურნალისტი, რომელიც დაკითხეს

5 თებერვალი, 2024 • 17350
“დიახ, ვიმოგზაურე “გახრწნილ” დასავლეთში” – აფხაზი ჟურნალისტი, რომელიც დაკითხეს

აფხაზი ჟურნალისტი ემა ხოჯაა (ხოჯავა) წერს, რომ აფხაზეთის  [დე ფაქტო] და რუსეთის გამყოფ საზღვარზე დაკითხვისთვის დააკავეს.

ჟურნალისტის განმარტებით, მისი დაკავება “კოორდინირებული იყო აფხაზეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგნლებთან”.

“აშკარაა, რომ ჩვენ გავხდით სავაჭრო მონეტა საშინაო და საგარეო დღის წესრიგში სტრატეგიული პარტნიორისთვის”, – წერს ხოჯაა სოციალურ ქსლეში.

აფხაზმა ჟურნალისტმა მიმართა ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც მისი აღწერით, “პერიოდულად მიდიან მიწისქვეშეთში და ოცნებობენ, ჩვენი დამსახურებით, ისევ ხელისუფლებაში მოსვლაზე, ბჟანიას სკამის დაკავებასა და იმავე პოლიტიკის გაგრძელებაზე!”

“ესაუბრეთ თქვენს ხალხს, ნუ მიაკრავთ მათ უცხოელი აგენტების იარლიყს, ან სხვის… მიიღეთ ერთიანი ეროვნული გადაწყვეტილება, როგორ გადარჩეთ რთულ დროს და შეინარჩუნოთ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჩვენი მიწები, ენა, კულტურა ქვეყანა!”

ხოჯაა ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ არანაირი კავშირი არ აქვს დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან:

“დიახ, მე არ მაქვს არანაირი კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციებთან… არ მაქვს უცხოური ვალუტისთვის განკუთვნილი ანგარიშები, გრანტები და პროექტები… და დაინტერესებულთათვის…დიახ! მე ვიყავი პარიზში, მადრიდში, ბარსელონაში, მილანში, რომში, პრაღაში, ვენაში.. ვიმოგზაურე მთელ “გახრწნილ” დასავლეთში… მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი და არა უცხოელი სპონსორების ფულით!”

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დამცველს ანონიმურობის დაცვის დათქმით მიმართა აფხაზეთის რამდენიმე მოქალაქემ რუსეთთან გამშვებ პუნქტზე დაკავებისა და დაკითხვის საკითხთთან დაკავშირებით.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და აფხაზურ ტელეგრამ არხებზე მოქალაქეები წერენ, რომ ფსოუს გამშვებ პუნქტზე რუს მესაზღვრეებს გადაცემული აქვთ აფხაზთა გარკვეული სიები, რომლის მიხედვით მათ აყოვნებენ გამშვებ პუნქტზე და დაკითხვას უწყობენ.

რამდენიმე დღის წინ აფხაზმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა საკუთარ საავტორო გადაცემაში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აწვდიან რუსეთის სპეცსამსახურებს აფხაზების სიებს “უცხოელი აგენტების” შესახებ.

“უცხოელ აგენტებზე სიებს აწვდიან რუსებს აფხაზეთიდან და სპეცსამსხურები აჩერებენ მათ. ადამიანების დიდ რაოდენობას აჩერებენ და აკავებენ საზღვარზე 20 წუთიდან 2 საათის განმავლობაში. ამას წინათ ჩვილთან ერთად ახალგაზრდა გოგონა დააკავეს ერთი საათით, რომელიც ასევე აღმოჩნდა სიებში. ასევე საზღვარზე დააკავეს აფხაზი ფოტოგრაფი, ჟურნლისტი და მწერალი იბრაგი ჭკადუა მოსკოვში გამგზავრებისას და შემდეგ ჩამოსვლისას. დაკავებულებს ზოგჯერ უსვამენ კითხვას, მაგალითად, რატომ არ მოგწონთ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა?”- ამბობს ინალ ხაშიგი.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამუშევარ ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მათ მიმართ მუქარა გაიზარდა. არძინბა ხშირად საუბრობს არასამთავრობოების ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და აფხაზეთში დასავლეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოს რბილ ძალაზე, რასაც მისი თქმით, არასამთავრობოები ცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი