ახალი ამბები

გახარია ირწმუნება, რომ ივანიშვილს “არ აქვს რესურსი” უარი თქვას მასთან დებატებზე

4 თებერვალი, 2024 • 1624
გახარია ირწმუნება, რომ ივანიშვილს “არ აქვს რესურსი” უარი თქვას მასთან დებატებზე

ექსპრემიერი და პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს “არ აქვს რესურსი” უარი თქვას მასთან დებატებზე.

“ჯერ თუ ვერ ხვდება ამას, სულ მალე გააცნობიერებს” – ამბობს გახარია.

მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ივანიშვილი უნდა გახდეს “ქართული ოცნების” სახე, რადგან პარტიის სხვა ლიდერებს “საკუთარი ნება არ გააჩნიათ” და “პასუხისმგებლობა არ აქვთ გააზრებული”. გახარია ირწმუნება, რომ ასეთ შემთხვევაში ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს მასთან დებატები.

ექსპრემიერის თქმით, თუ ივანიშვილი პასიურ როლში დარჩება და 2024 წლის არჩევნების მოგებას ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს მიანდობს, ეს ნიშნავს, რომ “ის უბრალოდ ემზადება არჩევნების გასაყალბებლად”

“ვთვლი, რომ ეს დებატები, გარდა იმისა, რომ აუცილებელია, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ მას არ აქვს რესურსი, ამაზე უარი თქვას. მარტივად აგიხსნით: ის თუ არ გახდა ამ [2024 წლის] საარჩევნო კამპანიის სახე, ლოგიკური დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ ორი: პირველი ის, რომ ის უბრალოდ ემზადება არჩევნების გასაყალბებლად. იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ელოდებიან მისგან ნებართვას, რომ ტაში დაუკრან, რომ სცენაზე ავიდნენ, ის ადამიანები ქვეყანაში დამოუკიდებელ პოლიტიკას ვეღარ გაატარებენ. ის ადამიანები, რომლებთაგან, უაპელაციოდ, ერთი გააგდო, მეორე დააწინაურა, ან არ დააწინაურა – არავინ არ იცის ამას რა შედეგი მოჰყვება. ამის უკან არანაირი ახსნა-განმარტება არ ყოფილა, მოტივაცია არ ახსნილა. გამოდის, რომ ეს ხალხი არაფერზე პასუხისმგებელი არ არის.

ამიტომ, მე ვთვლი, რომ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი არ გახდება პოლიტიკური პროცესის ნაწილი კი არა, “ოცნების” მხრიდან საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, არ ჩაერთვება ამ პროცესში და თვითონ არ აიღებს პასუხისმგებლობას ღიად, არა როგორც საპატიო თავმჯდომარე. საპატიო თავმჯდომარე ხომ იცით როგორი რაღაცაა – თან ხარ, თან არ ხარ. სადღაც შუაში ხარ. შეგიძლია თქვა, რომ მე საპატიო თავმჯდომარე ვარ, აგერ ღარიბაშვილია, რაც გინდა ის დაუძახე და მას ელაპარაკეთ. ან, აგერ, მთავრობის თავმჯდომარე ჰყავთ – რაც გინდა, ის ათქმევინე. როდესაც ეს ადამიანები მან გაამწესა ისეთ პოზიციებზე, სადაც მათ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღო, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ წეს უპატივცემულობა და შეურაცხყოფაა რიგითი მოქალაქეების, ასე არჩევნებს ვერ მოიგებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, საპატიო თავმჯდომარის სტატუსით, რომელიც “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ მოსვლის შემდეგ შეიქმნა, ის, გარკვეულ შემთხვევებში პასუხისმგებლობის არიდებას შეეცდება. ისევე, როგორც ამას შეეცდებიან ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე და საჭიროების შემთხვევაში თითს ივანიშვილისკენ გაიშვერენ – “იტყვიან, რომ აგერ საპატიო თავმჯდომარეს მოკითხეთ”.

გარდა ამისა, გახარია ივანიშვილს ჰპირდება – თუ მას ეს ენდომება -, რომ დებატებისას წარსულზე არ დაელაპარაკება. მიზეზად, გახარია ასახელებს იმას, რომ “დეგრადირებული” ქართული ოცნების ჩვენებით არ ისარგებლოს “ნაციონალურმა მოძრაობამ”.

“მე, მაგალითად, მას შემიძლია დავპირდე, რომ არცერთ სიტყვას, ამ დებატების დროს, არ ვიტყვი არცერთი სიტყვით წარსულს არ შევეხები. იმიტომ, რომ მე მაქვს იმდენი პასუხისმგებლობა, რომ ეს დეგრადირებული და დასუსტებული ოცების სახე, რომელიც საზოგადოებამ დაინახა, არ მივცე ამით შესაძლებლობა, ისარგებლოს ნაციონალურმა მოძრაობამ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში 11 იანვარს გამოიწვია. მას შემდეგ როგორც გახარია, ისე მისი გუნდის წევრები არაერთხელ ახსენებდნენ ამ ინიციატივას და მუდმივად აპელირებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია მათი.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი