ახალი ამბები

გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს – კალაძე

11 იანვარი, 2024 • 958
გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს – კალაძე

„გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს“, – ასე ეხმაურება თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელს, გიორგი გახარიას „ბევრი აქვს სამუშაო“.

„გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. მას ძალიან ბევრი აქვს ჯერ კიდევ სამუშაო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძეც, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ გუნდს უღალატა.

„რა თქმა უნდა, ეს ღალატია, როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოებამ შეაფასა ეს ყველაფერი და არჩევნებზე ყველას გასცა შესაბამისი პასუხი. ასე იქნება მომავალშიც. საქართველოში არ უყვართ მოღალატეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.


გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდთან ვერ მიაღწია შეთანხმებას მაშინდელი ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე. მისი თქმით, ის არ ეთანხმებოდა მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს შექმნიდა ქვეყანაში.

2023 წლის 30 დეკემბერს პოლიტიკაში ოფიციალურად ისევ დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა გახარიას ამ ნაბიჯს „ღალატი“ უწოდა.

„ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

პასუხად გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. გახარიას თქმით, ივანიშვილმა მისი გადადგომის პირველივე დღიდან ზუსტად იცოდა „ვერავინ და ვერაფერი გააჩერებდა“.

როგორც გახარია ამბობს,  ივანიშვილის მხრიდან მის მისამართით გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, ყველა პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვალდებულია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი