ახალი ამბები

კობახიძის სამთავრობო პროგრამის ძირითადი აქცენტები

2 თებერვალი, 2024 • 2072
კობახიძის სამთავრობო პროგრამის ძირითადი აქცენტები

საქართველოს პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა, რომლის სახელწოდებაცაა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

პროგრამაში ფუნდამენტურად ახალი და წინა პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკისგან განსხვავებული, პრაქტიკულად, არაფერია, ისევე, როგორც თითქმის არ იცვლება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. თანამდებობას მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ტოვებს, მის ადგილს კი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს.

შესაბამისად, ყველა მიმართულებით გაგრძელდება საქმიანობის ის ძირითადი ხაზი, რომელიც მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ჰქონდა.

კობახიძის სამთავრობო პროგრამაში საუბარია მოქმედი ხელისუფლების მიღწევებზე და აღნიშნულია, რომ:

„სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი ეკონომიკის, სოციალური, საგარეო-პოლიტიკური, დემოკრატიის მშენებლობისა და სხვა ფუნდამენტური მიმართულებებით. ამასთან, გლობალური თუ რეგიონული კრიზისების ფონზე, ეკონომიკის სწრაფი ზრდის ტენდენციებით, საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს რეგიონსა და ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს შორის.“

სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ მისი მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

კობახიძის სამთავრობო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ საკვანძო სფეროებზე:

  1. საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადობა, რუსეთ- საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, უსაფრთხოების და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა; საზოგადოებრივი უსაფრთხოება – სახელმწიფოს მთავარ ამოცანად რჩება საქართველოს ევროკავშირსა და ევრო- ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, დეოკუპაცია, საქართველოს რეგიონული და გლობალური როლის კიდევ უფრო განმტკიცება ქვეყნის შემდგომი სწრაფი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.უსაფრთხოების გარემოს მზარდი გამოწვევებიდან გამომდინარე, მთავრობის მიზანია, ტოტალური თავდაცვის მიდგომაზე დაფუძნებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სტრატეგიული მზადყოფნის დონის ამაღლება, ასევე, დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება, ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტით დაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. შედეგად, მთავრობა შეძლებს მოსახლეობისთვის მშვიდი და სტაბილური გარემოს შექმნას.
  2. ეკონომიკური განვითარება – ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი ამოცანებია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება, საგარეო ვაჭრობის განვითარება და საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნის განუყოფელი ნაწილია ტურიზმის განვითარება, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ინვესტიციებისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, რაც მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის წინაპირობებს შექმნის. მთავრობის მიზანია საქართველო იქცეს საკვანძო ეკონომიკურ ჰაბად გლობალურ და რეგიონულ დონეზე. შედეგად, შესაძლებელი გახდება დასაქმების ზრდა და მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება.
  3. სოციალური პოლიტიკისა და ადამიანური კაპიტალის განვითარება – მოცემული მიმართულებით მთავრობის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მთავრობის მტკიცე პოლიტიკაა ქვეყანაში სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და დასაქმების ხელშეწყობა. ამასთანავე, პრიორიტეტად რჩება ხარისხიანი განათლების სისტემის განვითარება, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო ძლიერი და ცოდნით აღჭურვილი საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
  4. სახელმწიფო მმართველობა – მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და საჯარო სამსახურის სისტემის განვითარება, რაც ასევე უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის დაჩქარებას. მთავრობა უწყვეტად განაგრძობს მოქალაქეებისთვის სერვისების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით მიწოდებასა და რეალურ საჭიროებებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას.

დოკუმენტის მიხედვით, „მთავრობა გამოხატავს სრულ მზაობას, ფართო საზოგადოების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შექმნას საქართველოს ევროპული მომავალი.“

სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა იქნება უცვლელი. შესაბამისად, უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანად რჩება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შემდგომი წარმატება. დოკუმენტში აქცენტი გაკეთებულია ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო-ენერგეტიკული დერეფნების განვითარებაზე, მშვიდობიანი გზით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. სამთავრობო პროგრამაში საუბარია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობასა და აშშ-თან ურთიერთობის გაღრმავებაზეც.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, 2024 წელს გაგრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის, მაგისტრალების მშენებლობა. როგორც პროგრამაშია აღნიშნული, 2024 წელს უნდა დასრულდეს ბათუმის შემოვლითი გზისა და რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალის მშენებლობა, ასევე უნდა დაიწყოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა.

ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა სრულად იხილეთ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი