ახალი ამბები

ლატვიის სპორტულ ნაკრებებს კანონით აეკრძალათ რუსეთთან და ბელარუსთან თამაში

2 თებერვალი, 2024 • 1078
ლატვიის სპორტულ ნაკრებებს კანონით აეკრძალათ რუსეთთან და ბელარუსთან თამაში

ლატვიის პარლამენტმა დაამტკიცა შესწორება სპორტის კანონში, რომლის თანახმად, ლატვიის სპორტულ ნაკრებებს ეკრძალებათ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებთან თამაში. გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომით არის განპირობებული, ლატვია ომის დაწყების დღიდან უკრაინის მხარდამჭერია.

სპორტის კანონში შეტანილი შესწორება კრძალავს ლატვიის ჰოკეის, ფეხბურთის, კალათბურთისა და სხვა სახეობების ნაკრებების თამაშს რუსეთის და მისი მოკავშირე ბელარუსის ნაკრებებთან, განურჩევლად იმისა, იასპარეზებენ ისინი თავიანთი დროშით თუ მის გარეშე.

კანონმდებლებმა ასევე დაამტკიცეს შესწორება, რომელიც ლატვიაში სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორებს უკრძალავს რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების შეჯიბრებზე მოწვევას.

შესწორების მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ გავხადოთ ცხადი ლატვიის სოლიდარობა უკრაინას მიმართ და უარვყოთ  რუსეთის ნებისმიერი მცდელობა, მათ შორის, სპორტული ღონისძიებებით, მშვიდობის სახელით მისცენ ლეგიტიმაცია  დანაშაულებს”, – განაცხადა ხმის მიცემამდე სპორტის ქვეკომიტეტის უფროსმა დავით დაუგავიეტისმა.

კანონში შესწორების შეტანას 100-იდან 74-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

თუკი ლატვიის სპორტულ ნაკრებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის ან ბელარუსის ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირება, მათ ეს კანონით ექნებათ აკრძალული. ლატვიელ სპორტსმენთა დიდი ნაწილი განიხილავს 2024 წლის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებას, თუკი ოლიმპიური კომიტეტი რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებს მისცემს ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლებას. მათ შორის იყვნენ 3 X 3-ზე კალათბურთში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები, რომლებმაც  განაცხადეს, რომ გამოტოვებენ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, თუკი მასში რუსი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი